"ოცნებასთან" აფილირებულები EU-ში გაწევრიანებაზე დებატების დაწყებას ითხოვენ

05.02.26 16:06
"ოცნებასთან" აფილირებულები EU-ში გაწევრიანებაზე დებატების დაწყებას ითხოვენ

„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიმართავს სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებს „იმედსა“ და „რუსთავი 2-ს“, დანიშნოს დებატები ევროინტეგრაციის საკითხზე.

ივანიშვილის სატელიტებად მიჩნეული პარტია ამტკიცებს, რომ "ხალხის ნებაა გადაიხედოს ევროკავშირისკენ სწრაფვა".

რას წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო",  რომლის სამიზნე ოპოზიციური პარტიები და დასავლური ინსტიტუტებია: 

ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა — არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპებთან თავსებადი ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული და ჩვენდა საუბედუროდ, კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარებული?

დღეს უკვე ქართული საზოგადოება, რომელმაც ბოლო წლებში არაერთ ქარტეხილს გაუძლო, დაბრძენდა და შედგა, როგორც სახელმწიფო ძალაუფლების ჭეშმარიტი მფლობელი, ღიად სვამს შეკითხვას — უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ის გზა, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია და ახალ მსოფლიო რეალობაში, რამდენად შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, დეგრადაციის ბოლო ფაზაში მყოფი ევროკავშირისკენ სვლა?

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საზოგადოებიდან წამოსული ეს შეკითხვა მეტადრე რიტორიკულია, რამეთუ ჩვენმა ხალხმა კარგად გააანალიზა, რომ დღევანდელი ევროპა — ეს არის აბსოლუტურად საპირისპირო, ანტიპოდური ცნება და ფიზიკური მოცემულობა იმ სივრცისა, საითაც ჩვენ ვისწრაფვოდით. საზოგადოებამ ეს გაიაზრა და ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ დეგრადირებულ კავშირში საქართველოს ევროინტეგრაციაზე საგნობრივი და შინაარსიანი დისკუსია უნდა გაიხსნას.

დღევანდელი ევროპის მიმართ ჩვენ, ქართველ ხალხს, სასაყვედურო ბევრი გვაქვს, თუმცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა იმის შესახებ, თუ როგორ ერევა ევროკომისია რეგულარულად წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ევრობიუროკრატიის ვერაგი და უსამართლო სახე.

ამ წერილში დეტალურად აღარ ჩამოვთვლით იმ ფაქტებს, თუ რამდენი დაუშავა არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე „დიპ სტეიტის“ მიერ მართულმა ევროკავშირმა საქართველოს. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს თითოეული ქმედება — დაწყებული რევოლუციების დაფინანსებიდან, დამთავრებული უსამართლო სანქციებითა და გამუდმებული მუქარით ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მხოლოდ გასული 4 წლის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის პროვოცირებული და კარგად ორგანიზებული ომის დაწყების შემდეგ, იმდენად დიდი იყო „დიპ სტეიტის“ სურვილი საქართველოს ომში ჩათრევის, ხოლო ამ სურვილის რეალიზებაში იმდენად აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირი თავისი ბიუროკრატიული მექანიზმით, რომ თუ ომამდე საქართველოში ქვეყნის ევროინტეგრაციაზე კითხვის დასმაც კი ცუდ ტონად მიიჩნეოდა, დღეს აგენტურით მართული ევროპისკენ სვლა ქართველი ხალხისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება.

ცხადია, ამ ფონზე სერიოზული კითხვები გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან: როდემდე აპირებს საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას და ქვეყნისთვის დამაზიანებელი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას, რომელიც ისედაც ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული?! ვარწმუნებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ამ საკითხის მიჩქმალვას დიდხანს ვეღარ მოახერხებს, რამეთუ ხალხის ნებაა, გადაფასდეს და გადაიხედოს სრულად მონურ მორჩილებაში, ეკონომიკურ, სულიერ და ზნეობრივ ჭაობში მყოფი ევროკავშირისკენ სწრაფვა.

ბოლოს კი მივმართავთ ტელეკომპანია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს, რომელთაც პირველ რიგში, მადლობას ვუხდით თავიანთ არხებზე დებატების სივრცის გახსნისათვის და მოვუწოდებთ ორივე მაუწყებელს — უმოკლეს ვადაში გაუწიონ ორგანიზება დებატებს, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამჟამად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში და ვიდრე თავს არ დავაღწევთ საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია.

მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ".

"პირველები" "ქართული ოცნების" წევრების პოზიციით დაინტერესდა. ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება დებატების მოწყობა. 

მანვე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მიხედვით თუ ვინმეს განსხვავებული აზრი გააჩნია, "ამ განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის, ან ვიღაცას შეპასუხების და სხვა აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს".

ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება დებატების რომელიმე მხარისთვის იყოს საინტერესო, ამ საკითხზე შეიძლება იყოს მსჯელობა. თუ იქნება მათი მხრიდან ასეთი, რომელიმე დებატის ფორმატში, ეს საკითხი წამოყენებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ პოზიციას ყოველთვის მოვახსენებთ. 

არ შეიძლება არსებობდეს თემები, თუ ის თემები არ არის აშკარად ადამიანის, კაცობრიობის და ომის პროპაგანდის თემები, რაზეც დებატები არ შეიძლება, რომ ღიად მიმდინარეობდეს. დებატები ყველაფერზე შეიძლება რაც აქტუალურია, რაც მნიშვნელოვანია. 

78-ე მუხლში რაც წერია სწორად უნდა წავიკითხოთ. 78-ე მუხლი არის ის მუხლი, რომელიც ამბობს, რომ რადგან ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, მაქსიმალური გავაკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ 78-ე მუხლში და საქართველოს კონსტიტუციის არცერთ მუხლში არ წერია, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი თუ გააჩნია, ამ განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის, ან ვიღაცას შეპასუხების და სხვა აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს. ამიტომ ამას ერთმანეთში ნუ ავრევთ

ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ ევროკავშირი არ გვინდა, ჩენ ვამბობთ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში, მთელ რიგ საკითხებში ატარებს, არ არის ევროკავშირის ფუნდამენტალური ღირებულებების მატარებელი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.