ჯარის ძარცვის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსმა
ჯარის ძარცვის საქმე - დღეს სასამართლოს ჩვენება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ირაკლი მგალობლიშვილმა მისცა.
მოწმემ გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის იმ სამედიცინო ტექნიკის შეძენის თაობაზე ისაუბრა, რაზეც თავდაცვის ყოფილი მინისტრია ბრალდებული.
ჯუანშერ ბურჭულაძის სახელზე 2022 წლის დეკემბერში გორის სამხედრო ჰოსპიტლის წერილი შემოვიდა, რომლითაც სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარის ყიდვას ითხოვდნენ. ვიცოდით, რომ ეს ინვენტარი უნდა შეგვესყიდა. მახასიათებლების დაზუსტება მოვითხოვეთ. ვლადიმერ ღუდუშაურისგან ცნობილი იყო, რომ ტექნიკა უნდა შეეძინათ. როგორც მახსოვს, დიდი ჩამონათვალი იყო“, - განაცხადა მოწმემ.
მოწმეს კითვები დაუსვა ბრალდებულმა ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ - "საიდუმლო შესყიდვით ნაყიდი გვაქვს თუ არა მაგალითად, უნიფორმა, „ბათინკი“, კვება და ა.შ."? - რაზეც მგალობლიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრა მოწმეს ასევე ჰკითხა „ეგულებოდა თუ არა კომპანია, რომელსაც სამედიცინო ინვენტარის მოწოდების გამოცდილება ჰქონდა“, რაზეც შესყიდვების სამსახურის უფროსმა უარყოფითი პასუხი გასცა.
მოწმე მგალობლიშვილთან კითვები ჰქონდა საქმის პროკურორს, ანა ლეკიაშვილსაც. მან ჰკითხა ფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვინ იღებდა.
„თუ ტექნიკა მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მას უმდაბლესი ფასის მიხედვით არჩევდნენ“.
აღნიშნული კითხვა ჯუანშერ ბურჭულაძემ გააპროტესტა.
„ვინ წყვეტდა, რას ნიშნავს? გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიღება კრიმინალია, მთელი პროცესები იყო. კითხვაზე ვინ წყვეტდა, არის პასუხი - არავინ. გადაწყვეტილება ფასთა კვლევის შემდეგ მიიღებოდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, თქვენ [პროკურორი] ეკითხებით, მინისტრი იღებდა თუ არა გადაწყვეტილებასო, სხვა თეორიული პასუხი ამ კითხვას არ მოყვებოდა“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
მოწმემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ როგორ ხდებოდა შესყიდვები.
„თუ ტექნიკური მახასიათებლები ჩვენს მოთხოვნებს შეესაბამებოდა, კომისიაზე გადიოდა, მისი წევრები იყვნენ მათ შორის, ვლადიმერ ღუდუშაური, გიორგი ხაინდრავა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ფინანსების დეპარტამენტის უფროსი, მე ვიყავი, ჩემი მოადგილე და ასევე, ლოჯისტიკის საკითხში გყავდა მოწვეული პირები“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.