პოლიტიკური ეჭვიანობა თუ შიდა ამბოხი? - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"
ივანიშვილის სანდო კაცი ირაკლი კობახიძესთან ღია დაპირისპირებაში შევიდა. დიმიტრი ხუნდაძემ სამთავრობო არხის ეთერიდან დაუფარავად თქვა, რომ დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს. ხალხი კი ვინც პარტიას 2012 წლიდან მოყოლებული გვერდით უდგას დაუფასებელია. ხუნდაძეს ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" არა ერთგული ხალხი, არამედ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმობირებულები უფრო ფასობს.
დიმიტრი ხუნდაძე როგორც ჩანს მარტო არ არის. პრეტენზიები აქვს გურამ მაჭარაშვილსაც, საკადრო პოლიტიკა არ მოსწონს და ფიქრობს, რომ "ოცნება" ერთგულ ხალხს არ აფასებს.
დიმიტრი ხუნდაძე ერთხელ უკვე იყო იმიტირებული ამბოხების მონაწილე პარტიის შიგნით, როდესაც თითქოს დეპუტატები აიყოლია და "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი არ გაატანინა. ახლა ჩნდება კითხვა ეს ახალი ამბოხება რეალური დაპირისპირებაა თუ აქაც იმიტაციასთან გვაქვს საქმე. ხუნდაძის კრიტიკამ კობახიძის მიმართ დღეს "ქართული ოცნების" რიგებში დაბნეულობა გამოიწვია.
ხალხი ვინც ივანიშვილის პარტიის სათავეებთან იდგა, აცხადებს რომ ხუნდაძის პრეტენზიები სამართლიანია, რადგან "ოცნებაში" ძველი თაობა ახალმა მეოცნებეებმა ჩაანაცვლეს და ხუნდაძე ახლა ივანიშვილისთვის ხმის მიწვდენას ცდილობს, რომ ძველი "მეოცნებეეები" იჩაგრებიან.
თუ დიმიტრი ხუნდაძის დაპირისპირება ირაკლი კობახიძესთან რეალურია. ჩნდება კითხვა გაბედავდა თუ არა ამას ბიძინა ივანიშვილისგან გარანტიების და მწვანე შუქის გარეშე.