ფოტო, როგორც ლეგიტიმაციის დასტური თუ მანიპულაცია?!
ხელის ჩამორთმევის დროს დაჭერილი მომენტები დღეს "ოცნებისთვის" ზეიმის მიზეზი გახდა. მაკა ბოჭორიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მილანში ოლიმპიადის გახსნამდე ამერიკელ მაღალჩინოსნებს ესალმებიან. ეს ცერემონიის დაწყებამდე მოხდა. ფოტოგრაფი მათ რამდენიმე რაკურსით უღებს. მისალმება კი შეხვედრად გასაღდა. როგორ გაგრძელდა ან იყო თუ არა საუბარი მათ შორის არ ვიცით. გაავრცელეს მხოლოდ ფოტო.
ფოტო, როგორც ლეგიტიმაციის დასტური თუ როგორც მანიპულაცია. თუ ეს მისალმებაზე მეტია, მაშინ ჩნდება კითხვა რაზე ისაუბრეს ამერიკელ მაღალჩინოსნებთან "ოცნების" წევრებმა. სხვათა შორის ისინი, ვისაც ბოჭორიშვილი და ყაველაშვილი ასე კეთილგანწყობით უყურებენ, ქვეყნის შიგნით "დიფ სთეითად" დიდი ხანია გამოაცხადეს. ზაზა შათირიშვილმა, რომელიც ივანიშვილის აზრების გამხმოვანებლად მიიჩნევა, სახელმწიფო მდივანი შეთქმულების თეორიებით უკვე რამდენჯერმე გამოაცხადა "დიფ სთეითის" აგენტად.
"ქართული ოცნება" თავს ფოტოებით იწონებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. აქ "ოცნებამ" ლაშა დარსალია გააგზავნა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სახელმწიფო დეპარტამენტშიც იყო და შემდეგ ეროვნული ლოცვის საუზმეზე იპოზიორა. აქვე იყო ტრამპიც. თუმცა მილანისგან განსხვავებით აქ მისალმების ფოტოს გადაღებაც ვერ მოხერხდა. რა ხდება ფოტოებს მიღმა - "ოცნების" ლიდერები თბილისში ამერიკასთან ურთიერთობებზე ისევ მოლოდინით საუბრობენ. როგორც ჩანს, საიმედო ამბავს საზღვარგარეთ მყოფებისგან არ ელოდებიან და არც ენთუზიაზმი ეტყობათ.
სხვათა შორის, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაწერდა, რომ ისინი მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, არაფერს ამბობდა "ქართული ოცნება". ლაშა დარსალიას შეხვედრის შესახებ ითქვა მხოლოდ ამერიკის შემდეგ. ეს ბევრისთვის დასტურია, რომ უწყების მეორე პირი ვაშინგტონში ურთიერთობების დასალაგებლად არ გამგზავრებულა. ამასვე ადასტურებს სახდეპის განცხადება, რომ შეხვედრაზე საუბარი ტრამპის მარშრუტს შეეხებოდა და არა სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენას.
არც მაკა ბოჭორიშვილის მისალმება ჯეი დი ვენსთან გვეუბნება რამეს ლეგიტიმაციაზე იმ ფონზე, როცა ამერიკელი მაღალჩინოსანი რამდენიმე დღეში სამხრეთ კავკასიას ეწვევა და საქართველოში არ გაჩერდება. ისინი ვინც "ოცნების" პიარსტრატეგია კარგად იცის, ხვდება, რომ ფოტოები ნაკლებად ინფორმირებული მოქალაქეების მოტყუებაა.