თბილისის მერის გარემოცვა ახალი ცათამბჯენების უკან - რა ინტერესი აქვს კახა კალაძეს?

07.02.26 22:08
თბილისის მერის გარემოცვა ახალი ცათამბჯენების უკან - რა ინტერესი აქვს კახა კალაძეს?

მტკვრის სანაპიროზე, გორგასლის 109 ნომერში მდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს. "ორთაჭალა ჰორაიზონმა" სულ 3 კორპუსი უნდა ააშენოს, ჯამში 81 ათას კვადრატულ მეტრზე მეტრი,  ერთი - 36 სართულიანი, ორი - 31 სართულით. თბილისის მთავრობამ ეს პროექტი უკვე მოიწონა.

2025 წლის დეკემბრამდე პროცესი ნელა მიდიოდა, მაგრამ თვის ბოლოს თბილისის საკრებულომ ლამის 1 სამუშაო დღეში კომიტეტებში განიხილა, შეისწავლა და დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. 

ირაკლი აბესაძე დოკუმენტებზე დაყრდნობით ამბობს , რომ პროცესი "ორთაჭალა ჰორაიზონისთვის" სწორედ დეკემბერში დააჩქარეს და ტერიტორიას ფუნქციური ზონაც შეუცვალეს, რომ აქ მშენებლობა შესაძლებელი გამხდარიყო.   

ვინ დგას "ორთაჭალა ჰორაიზონის" უკან?

მფლობელებს შორის "შაბათის ეთერმა" კახა კალაძის კომპანიის "კალა კაპიტალ თბილისის" დირექტორი აღმოაჩინა. 

გადაფორმებების მთელი სერია 2025 წლის მარტში იწყება.

  • კომპანიას, რომელსაც ორთაჭალაში კორპუსების აშენება სურდა ამ დროს "ოცნების" დეპუტატის გიორგი ბარვენაშვილის წილების მმართველი, მიხეილ ტყეშელაშვილს ხელმძღვანელობდა. დეპუტატი ბარვენაშვილი კახა კალაძის უახლოესი გარემოცვის წევრია.​
  • 2025 წლის 26 მარტს მშენებელი კომპანია, რომელსაც აქამდე ბარვენაშვიილის წილების მმართველი ხელმძღვანელობდა, შპს "ტეველ ჯგუფმა" იყიდა. დამფუძნებელიც და დირექტორიც ლანა ხასიდაშვილი იყო. ნასყიდაშვილი ახლა კალაძის იმ კომპანიის დირექტორია, რომლითაც მერი "ოცნების" ახდენას გეგმავდა.
  • 31 მარტს, ზუსტად 5 დღეში, ეს კომპანია ლანა ხასიდაშვილისგან  კახაბერ კობაივანოვზე გადაფორმდა, მხოლოდ 1000 ლარად. დირექტორადაც თავად დაინიშნა. [ანუ ახლა უკვე ერთ პროექტში კალაძის კომპანიის დირექტორთან ერთად, მისი კიდევ ერთი მეგობარი გამოჩნდა].  კახაბერ კობა ივანოვის და ლანა ხასიდაშვილის დუეტი აქამდეც სწორედ კალაძის კომპანიაში გამოჩნდა, ეს ტანდემი მაშინ შედგა, როცა  ჯერ ერთი დაინიშნა "კალა კაპიტალ  თბილისის" დირექტორად, შემდეგ კი ორიოდე დღეში  - მეორე.  

საინტერესოა კიდევ ერთი რამ, ლანა ხასიდაშვილს რომლის ხელშიც 2025 წლის მარტში მილიონიანი პროექტი აღმოჩნდა, ბიზნესი აქამდე არასდროს ჰქონია. 

კახაბერ კობაივანოვი "ორთაჭალა ჰორაიზონის" მოქმედი მფლობელია. ის  ადასტურებს, მერთან მეგობრობას, მაგრამ უარყოფს, რომ მასზე გაფორმებულ სამშენებლო ბიზნესში კალაძესაც აქვს ინტერესი.

ყველა ფიურანტი შეთანხმებულად უარყოფს ორთაჭალის პროექტში კახა კალაძის ინტერესებს, მაგრამ ფაქტები ასე გამოიყურება.

  • მიხეილ ტყეშელაშვილი - კალაძის მეგობრის ბიზნესების მმართველი,
  • კახაბერ კობაივანოვი - კალაძის მეგობარი
  • ლანა ხასიდაშვილი - კალაძის მეგობრის ახლობელი და თან მერის კომპანიის დირექტორი. ყველამ ერთად ორთაჭალა ჰორაიზონის გარშემო მოიყარა თავი.