რესტორანში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიციელი სცემა, ვასილ ჩიგოგიძე იმყოფებოდა
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე ადასტურებს, ინფორმაციას, რომ რესტორან "ილიკოში", სადაც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ ე.წ. კანონიერი ქურდის შვილთან, ლუკა ჩხიკვაძესთან ერთად, პოლიციელი, გოგა ჯინჭარაძე სცემა, თავადაც იმყოფებოდა.
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინ დააკავეს - დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა.
შარაშიძე ვასილ ჩიგოგიძის კადრად ითვლებოდა.
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით გასულ კვირას შეეცვალა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მათი საჩივარი, რომლის თანახმადაც, ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვდნენ.
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს, რომელსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 30 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 29 იანვარს გადააყენეს.
გამოძიების ცნობით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.