ცქიტიშვილი ხუნდაძის განცხადებაზე: ის მოქმედებს ივანიშვილის დავალებით

08.02.26 11:16
ცქიტიშვილი ხუნდაძის განცხადებაზე: ის მოქმედებს ივანიშვილის დავალებით

“ოცნების“ შიდა დაპირისპირება - „ხალხის ძალის“ ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებამ კითხვები გააჩინა, რეალურად რა ხდება “ქართულ ოცნებაში“.

ჩნდება ეჭვი, ხომ არ ემზადება ბიძინა ივანიშვილი საკადრო ცვლილებებისთვის.

„პირველები“ შეეცადა, აღნიშნულ კითხვებზე პასუხები თავად ხუნდაძისგან მოესმინა, თუმცა, მან საუბარი არ ისურვა.

„ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ ხუნდაძე ვერ გაბედავდა ღია ეთერით დაპირისპირებოდა კობახიძეს, რომელიც ივანიშვილის რჩეულად ითვლება და არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ივანიშვილი გეგმავს საკადრო გადაადგილებებს.

პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, ეს არის ივანიშვილის მიერ ახალი გზავნილები, არა საზოგადოების, არამედ “ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ერთი - ან შეარბილოს მათი გავლენები, ან დადგეგმილია შიდა ცვლილებები და ამისთვის წინა პირობებს ქმნიან. მაგრამ ის, რომ ხუნდაძე ამ განცხადებას დამოუკიდებლად არ გააკეთებდა, ამაში 100 %-ით დარწმუნებული ვარ. თუ ის მოქმედებს, მოქმედებს ივანიშვილის დავალებით და მის გარკვეულ ახალ თამაშს ახმოვანებს,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ივანიშვილის სანდო კაცი ირაკლი კობახიძესთან ღია დაპირისპირებაში შევიდა. დიმიტრი ხუნდაძემ სამთავრობო არხის ეთერიდან დაუფარავად თქვა, რომ დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს. ხალხი კი ვინც პარტიას 2012 წლიდან მოყოლებული გვერდით უდგას დაუფასებელია. ხუნდაძეს ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" არა ერთგული ხალხი, არამედ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმობირებულები უფრო ფასობს.