მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - ექსპერტების თქმით, მოხსენება კიდევ უფრო მკაცრი იქნება

08.02.26 17:50
მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - ექსპერტების თქმით, მოხსენება კიდევ უფრო მკაცრი იქნება

პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ოთხშაბათს, 11 თებერვალს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა იმაზე მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ორი კვირის წინ იყო მოსალოდნელი. 

  • ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. 

"თავისუფლების მოედნის" დამფუძნებლის, გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, მოსმენა უმკაცრესი იქნება იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული კანონები "აღარ არის უბრალოდ ავტორიტარიზმი, ეს არის ამ ქვეყნის სრული იზოლაცია, რკინის ფარდის ჩამოფარება და გადადგმული ნაბიჯი დიქტატურისკენ". 

პირველ რიგში, მინდა შევხასენო "ქართული ოცნების" გულშემატკივრებს რა დამოკიდებულება ჰქონდა, როცა გადაიდო სხდომა კომისიის, "ოცნებას" და მის პროპაგანდას, რომ თითქოს ეს ჩაიშალა და ა.შ., ანუ მართლა ამინდის გამო მოხდა ამ შეხვედრის დაყოვნება. 

რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, მე შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ეს მეორე მოსმენა იქნება, ერთი ეხებოდა ჩვენ საგარეო პოლიტიკურ პოზიციონირებას, ჩვენ დაახლოებას ირანთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთთან და ა.შ. და ახლა ეს მოსმენა მიეძღვნება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას. 

დარწმუნებული ვარ, ამ გადადებამ მათ შორის მოიტანა ისიც, რომ ეს დაგეგმილი მოხსენება იქნება კიდევ უფრო მკაცრი საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ კანონები, რომელიც დააანონსა "ოცნებამ", ეს აღარ არის უბრალოდ ავტორიტარიზმი, ეს არის  ამ ქვეყნის სრული იზოლაცია, რკინის ფარდის ჩამოფარება და გადადგმული ნაბიჯი კონსოლიდირებული დიქტატურისკენ," - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი. 

"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, გიორგი მელაშვილი აღნიშნავს, რომ საინტერესოა კონტრასტი, თუ რა ვითარებაში ტარდება აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში მოსმენა - "როდესაც ჩვენი მეზობლები საუბრობენ რეგიონალურ განვითარებაზე, თანამშრომლობაზე, საქართველოსთან მიმართებით ხდება საუბარი ავტორიტარიზმზე".

ჰელსინკის კომისიის მოსმენა ტარდება საკმაოდ საინტერესო პერიოდში, როდესაც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩადის სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე აქტიურად ხდება მოლაპარაკება ამ ორ ქვეყანას შორის ტრამპის მშვიდობის მარშრუტთან დაკავშირებით და ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველო ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში. საინტერესო არის კონტრასტი, როდესაც ჩვენი მეზობლები საუბრობენ რეგიონალურ განვითარებაზე, თანამშრომლობაზე, საქართველოსთან მიმართებით ხდება საუბარი ავტორიტარიზმზე, გაზრდილ ოლიგარქიულ გავლენებზე და ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც საუბარი ხდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში," - აღნიშნა გიორგი მელაშვილმა.