რატომ შევიდა პროკურატურა ვაგონების შემკეთებელ ქარხანაში? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

08.02.26 21:18
რატომ შევიდა პროკურატურა ვაგონების შემკეთებელ ქარხანაში? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

რატომ შევიდა პროკურატურა ვაგონების შემკეთებელ ქარხანაში? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. გამოძიების ინტერესი 2023 წლის გაზაფხულზე გაფორმებული შესყიდვაა, თითქმის 14 მლნ კომპანიას იმისთვის გადაუხადეს, რომ 12 ვაგონი შეეკეთებინა. 4 მლნ წინასწარი ავანსის სახით გაიცა. დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა და მითვისება სწორედ ამ ტენდერს უკავშირდება, ოღონდ რამდენი მილიონის ჯერ პროკურატურა არ ამხელს. ვაგონ-სარემონტო ქარხანას 2023 წლის ნოემბერში დოკუმენტების თანახმად, უკვე შესრულებული ჰქონდა სამუშაო, რატომ გახდა ეს საქმე აქტუალური 3 წლის შემდეგ? 

ხელშეკრულება ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან სატრანსპორტო კომპანიამ გააფორმა, ეს უკვე საინტერესოა, რადგან სარემონტო ქარხნის ნახევარს თავად თბილისის სატრანსპორტო კომპანია ფლობს, სატრანსპორტო კომპანიის 100 პროცენტი კი თბილისის მერიას ეკუთვნის. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, მერია ამტკიცებს, რომ შიდა აუდიტმა თავად გაუგზავნა მასალები პროკურატურას. ამ ვერსიის მკვლევარებს არ სჯერათ.

კომპანია, რომელშიც ჩხრეკა ჩაატარეს, თბილისის მეტროს ვაგონებს უწევს ტექნიკურ მომსახურებას. ამას მოწმობს წლების განმავლობაში დაგროვილი ისტორიაც და სატრანსპორტო კომპანიისგან მიღებული ათობით მილიონის ხელშეკრულებაც. ახლა საკითხავია, დიდი ფულის მოპარვის კვალს მხოლოდ ერთ შესყიდვაში ეძებენ, თუ მერიის სხვა ტენდერებიც იქცევა გამოძიების საგნად.

ფაქტია, მერიის სამსახურები დიდი ყურადღების ცენტრშია, "პირველების" ინფორმაციით, ჩხრეკა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც ჩატარდა. 

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში