გავლენებისთვის ბრძოლა თუ მზადება საკადრო გადაადგილებისთვის - ხუნდაძის განცხადებამ "ოცნებაში" დაძაბულობა გამოიწვია
ქმნის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ნიადაგს საკადრო გადაადგილებისთვის? კითხვა დიმიტრი ხუნდაძის განცხადებამ გააჩინა. ივანიშვილის სანდო კაცი ირაკლი კობახიძესთან ღია დაპირისპირებაში შევიდა, ამიტომ ჩნდება კითხვა აპირებს თუ არა ივანიშვილი კობახიძის ჩანაცვლებას. "ოცნების" ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ხუნდაძე ივანიშვილის გარეშე საჯარო თავდასხმას ვერ გაბედავდა.
ხალხი ვინც ივანიშვილის პარტიის სათავეებთან იდგა აცხადებს, რომ ხუნდაძის განცხადება აჩენს "ოცნების" შიგნით არსებულ დაძაბულობას და დაპირისპირებას გავლენების მოსაპოვებლად. პოლიტიკოსებისთვის ეს განცხადება დასტურია, რომ იზოლირებულ პარტიაში, სანქციების შიშის ფონზე, ახლა ყველა თავის გადარჩენას ცდილობს.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ლეგიტიმაციის კრიზისის პირობებში მმართველი ძალა შესაძლოა ცდილობდეს ფსევდო-კონკურენციისა და დებატების იმიტაციის შექმნას, სადაც ხუნდაძე–მაჭარაშვილის გუნდი "ოპოზიციურ" როლში გამოჩნდება.
დიმიტრი ხუნდაძემ სამთავრობო არხის ეთერიდან დაუფარავად თქვა, რომ დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს. ხალხი კი ვინც პარტიას 2012 წლიდან მოყოლებული გვერდით უდგას, დაუფასებელია. ირაკლი კობახიძე გუნდში არსებულ დაპირისპირებას არ უარყოფს. ის ხუნდაძისგან კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას ითხოვს თუ ვინ ვის არ აფასებს.