კობახიძე "ჰუმანურობაზე" ალაპარაკდა - რას გეგმავს "ოცნება"
ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ "ისინი მოწოდებულები არიან, რომ მაქსიმალური ჰუმანურობით და ეფექტიანობითიმოქმედონ", გააჩინა კითხვა, აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება.
"ჰუმანურობა" "ქართული ოცნების" პრმიერმა გუშინ ახსენა, როცა ის 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრობდა.
მისივე მტკიცებით, დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა და "ევროპულმა ბიუროკრატიამ ამასაც კი გამოუცხადა პირდაპირი მხარდაჭერა კონკრეტული სპიკერის სახით".
„ჩვენ მინიშნებებით გვისაუბრია იმაზე, რომ იყო კავშირები გუნდის ყოფილ წევრებთან. რაც მთავარია, ჩვენ ძალიან სუფთად, დიდი წარმატებით მოვახერხეთ ამ კონკრეტული პრობლემის დაძლევა, მიუხედავად იმისა, რომ აქაც იყო ევროპული ბიუროკრატიის პირდაპირი მხარდამჭერი მოწოდება. პირდაპირ იყო დაანონსებული ხელისუფლების დამხობა. ამასაც კი გამოუცხადა პირდაპირი მხარდაჭერა ევროპულმა ბიუროკრატიამ, კონკრეტული სპიკერის სახით. აქ ჩვენ დიდი წარმატებით ვიმოქმედეთ და მადლობა ეკუთვნით როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს გეკა გელაძეს. სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ წარიმართა შესაბამისი სპეციალური ოპერაცია, ყოველგვარი ზიანის გარეშე. მაქსიმალური სიფრთხილით მოვახერხეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა. ესეც აჩვენებს ხელისუფლების მიდგომას. ნებისმიერ ვითარებაში, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დანაშაულებრივი ქმედებები, ჩვენ ვართ მოწოდებულები, რომ მაქსიმალური ჰუმანურობით და ასევე ეფექტიანობით ვიმოქმედოთ. ეს აჩვენებს სახელმწიფოს სიძლიერესაც. აქაც გუნდის ერთიანობა არის მნიშვნელოვანი. ხაზს გავუსვამ იმას, რომ გუნდი არის ერთიანი და ძლიერი, როგორც არასდროს და ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება მომავალშიც“, - განაცხადა "ქართული ოცნების" პრემიერმა.
სასახლის ღობის საქმის პროკურპრს კობახიძის განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. დაკავებულთა ადვოკატების ნაწილი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე განცხადებები სატელევიზიო განცხადებებს არ გასცდენია. "პატიმრებს დასცინიან" - აცხადებს ერთ-ერთი ადვოკატი.
"არჩადენილი დანაშაულის აღიარება შეუძლებელია" - ეს კი დაკავებულთა ნაწილის პოზიციაა.
სასახლის ღობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში იწყება. განსასჯელის სკამზე 14 ადამიანი ზის. დღეს პროკურატურის მოწმეები დაიკითხებიან. "პირველების" ინფორმაციით, საუბარია ექსპერტებზე.