ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

09.02.26 12:56
ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ - ოპოზიციის ლიდერს სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან. "პირველების" ინფორმაციით, საუბარია თორნიკე  ქოჩქიანზე.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბრალის წარდგენა რუსთავის ციხეში, 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ადვოკატის განცხადებით, მელია იმყოფება ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ და ცდილობენ ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყონ.

 დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი და მორიგ ჯერზე გვაცნობეს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. გასაოცარია, ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, უკვე სათვალავი აგვერია. საქმე შეეხება კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს, რომელიც თითქოს მოხდა რამდენიმე თვის წინ გაზაფხულზე ჩატარებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, მოსამართლე ქოჩქიანთან მიმართებით. აბსოლუტურად გაუგებარია, ჩვენ ყველგან ვესწრებოდით აღნიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არანაირი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან , ყოველ შემთხვევაში, მე არ დამიფიქსირებია. ეს ამ წელში უკვე მე-4 ბრალდებაა, როგორც ჩანს უნდათ ნიკას გატეხა, თუმცა ალბათ ვერ გაიცნეს ეს ადამიანი,  რომ მიუხედავად ამ უსამართლობისა რაც მის თავს ტრიალებს მის თავს, იგი არა თუ გატყდა, არამედ ბევრად მოტივირებულია" - აცხადებს "პირველებთან" ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკოსს ოთხი ბრალდება წაუყენეს. 

26 ნოემბერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო 1.5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
მან წყალი მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს შეასხა, როცა ეს უკანასკნელი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლა განიხილებოდა.

ამასთან, ნიკა მელიას ბრალად „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ედება. გირაო მას სწორედ ამის საქმეზე შეუფარდეს, თუმცა მელიამ თქვა, რომ არც გირაოს გადაიხდიდა და არც 30 მაისის სასამართლო პროცესს დაესწრებოდა.

29 მაისს, საღამოს, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა ის ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

ამასთან, ნიკა მელია იმ 8 პოლიტიკოს შორის არის [მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე] რომელთა მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

უფრო კონკრეტულად: ოპოზიციის ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო: უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებებით.