ვიზიტი რეგიონში საქართველოს გვერდის ავლით - ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ერევანშია

09.02.26 20:27
ვიზიტი რეგიონში საქართველოს გვერდის ავლით - ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ერევანშია

ჯეი დი ვენსის ბორტი ერევნის აეროპორტში დაეშვა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიას ოფიციალური ვიზიტით პირველად სტუმრობს. ვენსი სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ერთად რეგიონში ეკონომიკური და სამხედრო შეთავაზებებით და შეთანხმებებით ჩამოდის, თუმცა პირველად კავკასიაში ვიზიტი ისე დასრულდება, რომ საქართველოს გვერდს აუვლის.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვა აქვს. ესაა გზავნილი ჩინეთისთვის, რუსეთისთვის და ირანისთვის, რომ ამერიკული გავლენა რეგიონში ბრუნდება და ის ფსონს სომხეთ-აზერბაიჯანზე დებს. ამას ემატება ეკონომიკური ფაქტორიც - სომხეთ აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებით და ტრამპის მარშრუტზე მუშაობის დაწყებით საქართველო უალტერნატივო სატრანსპორტო ფუნქციას კარგავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ტვირთების და ენერგორესურსების ნაწილი საქართველოს გვერდის ავლით გაივლის.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში კონკრეტული სამხედრო და სავაჭრო წინადადებებით ჩამოდის, ამ დროს კი "ქართული ოცნება" შტატების პირველ პირებთან რამდენიმე წამიან კომუნიკაციას ზეიმობს. 

რაც საჯაროდ ვნახეთ მხოლოდ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თბილი მისალმება და მარკო რუბიოს გაღიმებაა. ეს ფოტოებიც ქართულმა მხარემ გაავრცელა. მიხეილ ყაველაშვილი სამთავრობო მედიის ეთერში რუბიოსთან და ვენსთან მისალმებას შეხვედრებად ასაღებს.

ნიშნავს თუ არა ვენსის მისალმება და რუბიოს გაღიმება შტატებთან ურთიერთობების დალაგებას? - "ოცნებაში" ხვდებიან, რომ გადატვირთვა მალე ვერ მოხდება, ამიტომ დროს ისევ წელავენ. ყაველაშვილი ამბობს, რომ აშშ-სთან თანამშრომლობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. მასთან ერთად მილანში მყოფი მაკა ბოჭორიშვილი კი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მდივანთან ორმხრივ ურთიერთობაზე ლაპარაკი მოასწრო, ოღონდ ისე, რომ ამ კომუნიკაციის არც ფოტო და არც ვიდეო მასალა გავრცელებულა.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში