კორუფციული სკანდალი - კალაძე პასუხისმგებლობას იხსნის
რა ბედი ელის ვაგონსარემონტო ქარხნის საქმეს? - კახა კალაძეს განსხვავებული ვერსია აქვს. პროკურატურა ამბობს, რომ დიდი ოდენობით თანხის მითვისებას და გაფლანგვას იძიებს, თბილისის მერი ირწმუნება, რომ შეიძლება სულ არ არსებობდეს დანაშაული. კომპანიაში, რომელიც მეტროს ვაგონებს არემონტებს, დალუქულია კაბინეტები, წაიღეს დოკუმენტები, მაგრამ ჯერ ისევ არ ამბობენ, რამდენი მილიონია მოპარული.
ვაგონების რემონტის შესყიდვა ამ ეტაპზე ერთადერთია, სადაც მერიის ვერსიით, შიდა აუდიტმა დარღვევები იპოვა და გამოძიებას გაუგზავნა. ესეც 3 წლის დაგვიანებით. საქმე 2023 წელს 14 მილიონიან ტენდერს ეხება, ქარხანას ჯამში 12 ვაგონი უნდა გაერემონტებინა, სატრანსპორტო კომპანიამ, რომელიც მერიას ეკუთვნის 4 მლნ ავანსად გადაიხადა, დანარჩენი მოგვიანებით. რა დარღვევებს მიაკვლიეს, კალაძეს არც ამის თქმა უნდა.
კალაძე თავად პასუხისმგებლობას იხსნის, თუ მერიის თანამშრომელმა დანაშაული ჩაიდინა და ბიუჯეტს ფული მოპარა, ქრთამი აიღო, სარემონტო ვაგონები არ შეაკეთა ან კონტროლი არ გაუწია, მერის ბრალი არაფერი ყოფილა. მის დაქვემდებარებულ უწყებებში კორუფციული სკანდალების მიუხედავად, კალაძე მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
ვაგონების რემონტის საქმემ გააჩინა კითხვები, მიუახლოვდა თუ არა გამოძიება უკვე პირადად კახა კალაძეს. სწორედ ამ დროს მოირგო დედაქალაქის მერმა კორუფციასთან მებრძოლის როლი, მაგრამ მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან, კალაძეს მაინც მოუწევს პასუხისგება.