"ოცნება" აღიარებას ითხოვს - პარლამენტი კანონის მისაღებად ემზადება
ვის ემუქრება ქართული ოცნების ახალი კანონი? - ოლიგარქის საპარლამენტო გუნდი ამ დრომდე მკაფიო განმარტებებს არ აკეთებს. ვიცით მხოლოდ ის, რომ კონსტიტუციური ორგანოს არაღიარება დასჯადი ხდება, თან ციხით, მაგრამ რა ჩაითვლება არაღიარებად და სად გაივლის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შემზღუდავ ზომებს შორის? მაგალითად რა ბედი ელის იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ ყაველაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია, "ქართული ოცნება" კი ქვეყნის სათავეში გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსული ძალა.
რასაც ამბობენ ჯერ მხოლოდ პოლიტიკური მუქარაა, ფურცელზე დაწერილი საკანონმდებლო ცვლილება საჯაროდ ჯერ მედიას არ უნახავს. ცვლილებები კანონში მეორე მოსმენით შემდეგ კვირას უნდა შეიტანონ, თუმცა ჯერ მსჯელობა კომიტეტებზე არც კი დაწყებულა. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" უჭირს კანონად აქციოს ის, რაც აზრის გამო მოქალაქეების დევნას უტოლდება.
ხალხი ვინც სისტემურად და უწყვეტად უკვე ერთ წელზე მეტია ქუჩაში დგას, ახლა შესაძლოა ციხეში მხოლოდ იმიტომ გაუშვან, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებს. მათ შორისაა სალომე ზურაბიშვილი. მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ გაყალბებული არჩევნებით ხელსუფლებაში მოსული ძალა ვერ იქნება ლეგიტიმური.