"ოცნების პოლიტიკური მეკობრეობა საშიშია" - პოლიტიკოსები ყულევის პორტის შესაძლო სანქცირებაზე საუბრობენ

10.02.26 11:27
"ოცნების პოლიტიკური მეკობრეობა საშიშია" - პოლიტიკოსები ყულევის პორტის შესაძლო სანქცირებაზე საუბრობენ

პოლიტიკოსები და დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების მე-10 პაკეტში საქართველოს ყულევის პორტის მოხვედრა ქვეყნისთვის დამაზიანებელია. 

  • ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს, მათ შორის საქართველოში ყულევის პორტზე. 

"ინფორმაციის, თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი კი აღნიშნავს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ევროკავშირის მიერ დასანქცირება ქვეყნის ეკონომიკისა და იმიჯისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. 

მესამე ქვეყნების დასანქცირების რეალობა უკვე პრაქტიკულად დღის წესრიგში დადგა და საქართველო, როგორც რუსეთის ჩრდილოვანი ექსპორტ-იმპორტის ტრანზიტის ქვეყანა, პრაქტიკულად, უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მითუმეტეს როდესაც ამაზე ევროკომისია საუბრობს და დადგება დღის წესრიგში ის, რომ ალბათ ყულევის პორტი, როგორც ერთ-ერთი გამტარი რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" და ნავთობპროდუქტების, იქნება დასანქცირებული. ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ძალიან სერიოზული დარტყმაა ქვეყნის იმიჯისთვის," - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ "პოლიტიკური მეკობრეობა, რომლითაც დღეს "ქართული ოცნება" არის დაკავებული, საშიშია.

მისი თქმით, ყველა ის წერტილი, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში უწყობს ხელს, დასანქცირდება და დაისჯება აღნიშნული ქმედებისთვის. 

შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს გამოცხადებული აქვთ უპირობო და უკომპრომისო ბრძოლა რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტთან". გამალებული ბრძოლის ნაწილი არის ის, რომ ყულევის პორტი, ეს რაღაც ახალი ტერმინალი ფოთის, აქტიურად გამოიყენება, იქ აქტიურად ფიქსირდებიან ის გემები, რომელიც დადასტურებულად არიან ნაწილი რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის", რომელიც ატარებს არალეგალურად რუსულ ნავთობს სხვადასხვა ქვეყნებში. 

შესაბამისად, ყველა ის წერტილი, რომელიც ხელს უწყობს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და ამ, პირდაპირ ვიტყვი, სისხლიანი ნავთობის გადაზიდვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა დასანქცირდება და დაისჯება ამ ქმედებისთვის. 

ეს პოლიტიკური მეკობრეობა, რომლითაც "ქართული ოცნება" არის დაკავებული დღეს, არის საშიში," - თქვა თაზო დათუნაშვილმა. 

პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ამშემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება "ქართულ ოცნებას".

რამდენიმე შემთხვევა იყო უკვე, როდესაც ყულევში უკვე სანქცირებული კომპანიის ნავთობი, ან სანქცირებული გემით, "ჩრდილოვანი ფლოტით" იყო შემოტანილი ნავთობი. როგორც ჩანს, ეს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გამოიყენება ამ მახინაციებისთვის. 

საბოლოოდ, ამ [სანქციების] პაკეტში თუ არა, რომელიღაცა პაკეტში დიდი ალბათობით მოხვდება. რა თქმა უნდა, უზარმაზარი ზიანი იქნება მთლიანად ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ქვეყნის სუბიექტი, თუნდაც იურიდიული დამოუკიდებელი, ფორმალურად ის თუ ხვდება სანქციებში, ეს ნამდვილად არ არის სახელმწიფოსთვის კარგი, მაგრამ, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება "ქართულ ოცნებას" - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

მსგავსი სიახლეები