კობახიძე ყულევის პორტის შესაძლო სანქცირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

10.02.26 12:45
კობახიძე ყულევის პორტის შესაძლო სანქცირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ირაკლი კობახიძე ყულევის პორტის შესაძლო სანქცირების საკითხზე კომენტარს აკეთებს - "ოცნების" პრემიერის თქმით,  "მთავრობა სრულ ღიაობას გამოხატავს, რომ ევროკავშირს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ტერმინალის საქმიანობის შესახებ".

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

"საქართველო ძალიან მკაცრად იცავს ყველა წესს რაც უკავშირდება სასანქციო რეჟიმს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ დისკუსიისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის მათ შორის ევროკავშირთან.

ჩვენთვის ყულევი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი. გამოვხატავთ სრულ ღიაობას და მივაწვდით ინფორმაციას ევროკავშირს. ჩვენ სრულად ვიცავთ სასანქციო რეჟიმს,"- ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირი სანქციების მეოცე პაკეტის პროექტში განიხილავს რუსეთისთვის და "მესამე ქვეყნებში" ოთხ კონკრეტულ ტერმინალში ნავთობის მიწოდებას (მათ შორის ყულევის ტერმინალში).

რადიო თავისუფლების თანახმად, სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:

"[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას."