სინამდვილეში იმისთვის გვასამართლებენ, რომ აშშ-მა დაასანქცირა ივანიშვილი - ზურა ჯაფარიძე

10.02.26 13:26
სინამდვილეში იმისთვის გვასამართლებენ, რომ აშშ-მა დაასანქცირა ივანიშვილი - ზურა ჯაფარიძე

 

 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნებამ" 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ე.წ. საბოტაჟის საქმე სინამდვილეში იმის გამო წამოიწყო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. 

როგორც ჯაფარიძე ამბობს, საქმეში არაფერი არ დევს, გარდა 20-მდე პოლიციელის ჩვენებისა, რომელიც პოლიტიკოსის თქმით მხოლოდ "ზღაპრებს ყვებიან".

  • საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლიდერის პროცესი ამ წუთებში იწყება - ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სხდომას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განიხილავს.

საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველზე რაც ხდებოდა, რომ ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის ორგანიზატორები. მთავარი მტკიცებულება რაც აქვთ, არის დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენებები. ზღაპრებს ყვებიან, რომ მე ვიღაცა და ვიღაცა თითქოს ხალხს მოვუწოდებდით, გავექანეთ და შევვვარდით პარლმანეტში-თქო. იქით, მამუკა, ბადრი და გახარია მოუწოდებდნენ, რომ ცეცხლი წაუკიდეთ და რაღაც ასეთი სიგიჟეები წერია საქმეში. ამის მიღმა რაც აქვთ, არის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, გაკეთებული საჯარო შეხვედრებიდან - მე ლაკა ვაშაძე სადაც საჯაროდ რაღაცებს ვყვებით. აქვთ ჩემი საზაფხულო ბანაკებიდან რაღაცა ჩანაწერები, რომელიც მანამდე იმედმაც ატრიალა. მეორე საქმე არის ეს მტრული სახელმწიფოებისთვის დახმარება ქვეყნის დასუსტების მიზნით, სადაც საუბარი არის კონკრეტულად იმაზე, რომ ჩვენ, პოლიტიკოსების ნაწილი ვმუშაობდით სხვადასხვა ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაესანქცირებინათ საქართველოში "ოცნების" ლიდერები. მთავარი ამბავი არის ბიძინას დასანქცირება. სინამდვილეში გვასამართლებენ იმისთვის, რომ აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.