სააკაშვილი: ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ
„ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ მიმართა, რაც ვალერიან ბუგიანიშვილს მესამე პრეზიდენტს ჰკითხა - "ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ".
მანამდე კი სასამართლო დარბაზში მიხეილ სააკაშვილსა და მოსამართლეს შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ესკორტის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ბრალდებულებისთვის განკუთვნილ სპეციალურ, შემინულ ადგილას დგას, უთხრა: - "ხელები გაწიეთ და მონებივით ნუ იქცევით".
აღნიშნულის შემდეგ, სააკაშვილს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა უთხრა, რომ „წესები არსებობს“, რაზეც მას მესამე პრეზიდენტმა უპასუხა: „თქვენ უწესოები ხართ“.
სააკაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას არანაირი უფლება აქვს - „მე გეუბნებით, არანაირი უფლება რომ არ მაქვს, ყველამ იცის“, - განაცხადა სააკაშვილმა, მას მოსამართლემ დაბრძანებისკენ მოუწოდა.
„რას ჰქვია დავბრძანდე?! სკოლაში კი არ ვარ! დგომის უფლება მაქვს, ნუცას სკოლა კი არაა!"- განაცხადა სააკაშვილმა. მას მოსამართლემ კვლავ შენიშვნა გამოუცხადა.
„ერთმანეთს ვცეთ პატივი, შემიძლია სანქცია გამოვიყენო“, - მიმართა ბუგიანიშვილმა მესამე პრეზიდენტს.
„თქვენ არანაირ პატივს არ გცემთ. კარგად დაიმახსოვრეთ ამ კაცის სახელი და გვარი",- განაცხადა სააკაშვილმა.
მოსამართლემ მას განუმარტა, კიდევ ერთი რეპლიკას თუ იტყოდა, გაძევებული იქნებოდა სხდომათა დარბაზიდან.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.