"ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ყულევის პორტი არის ადგილი, სადაც მოქმედებს რუსული "ჩრდილოვანი ფლოტი" - იოზვიაკი

10.02.26 15:27
"ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ყულევის პორტი არის ადგილი, სადაც მოქმედებს რუსული "ჩრდილოვანი ფლოტი" - იოზვიაკი

 

 

"ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ყულევის პორტი არის ადგილი, სადაც მოქმედებს რუსული "ჩრდილოვანი ფლოტი" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში არცერთ ბანკს არ ექნება უფლება ყულევის პორტთან რაიმე სახის ფინანსური საქმიანობა აწარმოოს. 

მისი თქმით, ყულევის პორტის შესახებ ბრალდების  წინადადების სახით ჩამოყალიბება ნიშნავს, რომ ევროკავშირს სერიოზული საფუძველი აქვს. 

იოზვიაკის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" შეუძლია უარყოს რამდენიც უნდა, სცადოს პროცესების შეჩერება, მაგრამ საბოლოოდ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება თავად "ოცნების" გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. 

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ყულევის პორტი არის ადგილი, სადაც მოქმედებს რუსული "ჩრდილოვანი ფლოტი", ანუ გემები, რომლებსაც რუსული ნავთობი მსოფლიოს მასშტაბით უკანონოდ გადააქვთ. აქვთ მტკიცებულებები, რომ ამ პორტში ასეთი გემები მართლაც გამოიყენება.

ევროკომისიის წინადადება არის ფაქტობრივად ტრანზაქციების აკრძალვა, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის არცერთ ბანკს არ ექნება უფლება ამ პორტთან რაიმე სახის ფინანსური საქმიანობა აწარმოოს. 

ეს ჯერ მხოლოდ წინადადებაა და რა თქმა უნდა, ის შეიძლება შეიცვალოს. მსგავსი რამ უკვე მოხდა ჩინურ ბანკებთან და პორტებთან მიმართებით, ისინი ამოიღეს სანქციების სიიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტეს, მაგრამ ეს ცვლილება საქართველოზეა და მან უნდა განახორციელოს. 

ევროკავშირს სჭირდება გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნება სამართალსა და მტკიცებულებებს, შესაბამისად მათ შეძლეს ყულევის შესახებ ამ ბრალდების წინადადების სახით ჩამოყალიბება. ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ სერიოზული საფუძველიც აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ასეთ ნაბიჯს არასდროს გადადგამდნენ. 

საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია უარყოს რამდენიც უნდა, სცადოს პროცესების შეჩერება, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება თავად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული," - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ევროკავშირი სანქციების მეოცე პაკეტის პროექტში განიხილავს რუსეთისთვის და "მესამე ქვეყნებში" ოთხ კონკრეტულ ტერმინალში ნავთობის მიწოდებას (მათ შორის ყულევის ტერმინალში).

რადიო თავისუფლების თანახმად, სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:

"[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას."