აქ ვარ იმისთვის, რომ თავის დროზე თბილისი არ ჩავაბარე, არ ვისარგებლე შესაძლებლობით აგერ თვითმფრინავი და წადი ქვეყნიდანო - სააკაშვილი
აქ ვარ იმისთვის, რომ თავის დროზე თბილისი არ ჩავაბარე, არ გავიქეცი და არ ვისარგებლე შესაძლებლობით აგერ თვითმფრინავი და წადი ქვეყნიდანო - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
- სააკაშვილისთვის "პოლიტიკური შურისძიების საქმის" ფარგლებში კიდევ სამი წლის დამატებას აპირებებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მესამე პრეზიდენტს ციხეში ჯამში 16 წლის გატარება მოუწევს.
პროცესზე, სადაც განსასჯელის სკამზე 8 პოლიტიკური ლიდერი ზის, მესამე პრეზიდენტმა ისევ ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ გამარჯვებისთვის გაერთიანება გარდაუვალია - "მანამდე მზად ვართ ყველას ველაპარაკოთ".
საქართველო აუცილებლად გადარჩება რამხელა კედელიც არ უნდა აგვიშენოს დიქტატურამ, მაინც გავარღვევთ და დავადგებით საქართველოს სწრაფი განვითარების გზას - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აქ ვარ იმისთვის, რომ თავის დროზე თბილისი არ ჩავაბარე, არ გავიქეცი და არ ვისარგებლე შესაძლებლობით აგერ თვითმფრინავი და წადი ქვეყნიდანო, ვარ იმისთვის, რომ სახელმწიფო შევქმენი სხვებთან ერთად და ვარ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქე ვარ და უკრაინითვის ბევრი გავაკეთე.
ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსული მოვლენების ერთიან შეფასებებში, მაგრამ შეუძლებელია ვერ ვთანხმდებოდეთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი.
ეს რეჟიმი ჩვენი შიშით საზრდოობს და ერთი რამე უნდა ვუთხრათ ყველას, რუსები ამბობენ შეეგუეთ ამ რეალობას, ასე გვეუბნებიან- შეეგუეთ ამ რეალობას, მონობას უბედურებას, ჩვენი პასუხი მარტივია, არაფერს არ შევეგუებით არაფერს მივიღებთ და არაფრის შეგვეშინდება.
მე როცა სიკვდილის პირას ვიყავი საავადმყოფოში, მქონდა იმდენად მძიმე მდგომარეობა რომ ჩამოვშორდი პროცესებს, ჩემი პარტია გაიხლიჩა და ბევრი ცუდი რაღაც მოხდა.. მერე მივხვდი, რომ არ შეიძლება უკან დახევა, დანებება, ხელების ჩამოყრა, რადგან შემოდის ამ ხვრელში შენი მტერი და სარგებლობს.
ჩვენ არ ვაღიარებთ, ჩვენ არ შევეგუებით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს. მიმაჩნია, რომ ყველას გაერთიანება გარდაუვალია ამ დიდ ბრძოლაში, მანამდე მზად ვართ ყველას ველაპარაკოთ და გაცილებით მეტი ველაპარაკოთ. ჩემი მეგობრები კარგ ფიზიკურ და მენტალურ ფორმაში არიან, ყველამ ვნახეთ შოუ, რომელიც აქ იმართება და სიამოვნებაც კი მივიღე, მადლობა ამისთვის, რომ ეს მაყურებინეთ და მომასმენინეთ, ტელევიზორში და საკანში ამას ვერ ვნახავდი.
ველი კიდევ სამ წელს, 16 წელი მექნება სასჯელი... პედოფილებს და მკვლელებს უსჯიან, ვერასდროს უნდა ვნახო ჩემი შვილები, ვერასდროს უნდა გავიარო სუფთა ჰაერზე, იმისთვის, რომ კიდევ ეს მემატება.
ამ სარჩელში მოცემული უბედურების მიზეზი არის ჩემს ბავშვობაში. საბავშვო ბაღში საბურთალოზე 4 წლის ასაკში ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა და იმის მერე ვერ ვიტან ზღვის ამ მაცხოვრებელს, სიზმარი დამესიზმრა - სოლოლაკის აღმართს მივუყვებოდი შევაღეთ კარი, დავიჭირეთ საცოდავი ზვიგენი, დავკალით, ძალიან კი იკლაკნებოდა, შემდეგ ბაობაბები აფრიკიდან სიმწრით ჩამოტანილი მოვჭერით, კოცონი გავაჩაღეთ, ზედ შევწვით ეს ზვიგენი, უხა გავაკეთეთ და მთელი სოლოლაკი დავპატიჟეთ ფართიზე.
ანუ სელფზე არ არის მხოლოდ საქმე, ბევრად უფრო ღმად და სერიოზულადაა, მეგობრებო რა იდიოტიმზში და აბსურდში ვცხოვრობთ, ამის იქით რაღა არის ....
ჩვენ გვთავაზობენ ავრიოთ ქვეყანა ავრჩიოთ თავისუფლებას, მონობასა და სირცხვილს შორის და აქ არჩევანი გასაგებია, საქართველო აუცილებლად გადარჩება რამხელა კედელიც არ უნდა აგვიშენოს დიქტატურამ, მაინც გავარღვევთ და დავადგებით საქართველოს სწრაფი განვითარების გზას."- განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.