ახალი მოწმეები ლილუაშვილის საქმეში

10.02.26 17:05
ახალი მოწმეები ლილუაშვილის საქმეში

გრიგოლ ლილუაშვილს შესაძლოა, ბრალდება დაუმძიმდეს - სუს-ის ექს შეფის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა.

 „ტვ პირველის" ინფორმაციით,  ჩვენებები მის წინააღმდეგ  „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა  მისცეს, თუმცა კონკრეტულად ვინ, ადვოკატი  ვერ ამბობს.

გუშინ ჩავიბარე დამატებით ის მასალები, რაც დღემდე აქვს ნაწარმოები გამოძიებას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენებები, მაგრამ ყველა ეს მოწმეთა ჩვენება განეკუთვნება ირიბ მოწმეთა ჩვენებათა კატეგორიას"- თქვა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. 

"პირველების" კითხვაზე, არის თუ არა მოწმეები მაღალჩინოსნები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ამბობს: 

მოდი ასე ვთქვათ, სხვადასხვა რანგის, უწყებებში არსებული... ვერ დავკონკრეტდები. ჩემი გადასაწყვეტი არ არის [იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი მოწმე] მე საქმეში მის შემხებლობას ვერ ვხედავ"- თქვა მან. 

ცნობილია, რომ ბრალდების მხარე აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებული მაღალჩინოსნის საქმეზე საგამოძიებო ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექს-მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.