ჯეი დი ვენსის რეგიონული ვიზიტი საქართველოს გარეშე - ექსპერტები „ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებენ

10.02.26 18:44
ჯეი დი ვენსის რეგიონული ვიზიტი საქართველოს გარეშე - ექსპერტები „ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებენ

იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს სტუმრობს, საქართველო აღნიშნულ ვიზიტებში არ ფიგურირებს. დიპლომატი ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ეს ვიზიტი ადასტურებს ვაშინგტონის სტრატეგიულ პრიორიტეტებს რეგიონში და ამავე დროს ნათლად აჩვენებს საქართველოს გვერდის ავლას.

მისი შეფასებით, ეს პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის როლის დაკნინებას.

ჯეი დი ვენსის, ვიცეპრეზიდენტის ჩამოსვლა არის გარანტია იმის, რომ ეს პროექტები შესრულდება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ხაზის გასმა კიდევ ერთხელ, რომ ბაქო და ვაშინგტონი არიან სტრატეგიული პარტნიორები ამ რეგიონში და აშშ, ფაქტობრივად, იმის გამო, რომ დღევანდელმა ქართულმა ხელისუფლებამ, ივანიშვილის ხელისუფლებამ უარი თქვა იმ ძალიან მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც 30 წელი თამაშობდა, რომ ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის ევროპისთვის, უბრალოდ, აშშ-მა ზუსტად იმ ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ თემებთან არის დაკავშირებული გამიზნულად სწორედ ბაქოში და სომხეთში განახორციელა ეს ვიზიტი, - ამბობს დიპლომატი ვანო მაჭავარიანი.

ენმ-ს წევრი გია ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები საქართველოს გეოპოლიტიკური როლის მკვეთრ დასუსტებაზე მიუთითებს. მისი თქმით, ქვეყანა, რომელმაც წარსულში რეგიონში მნიშვნელოვანი ფუნქცია მოიპოვა, დღეს სრულად არის გამოთიშული მაღალი დონის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან. 

ჩვენ ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აღვიდგინეთ უკვე მეოცე საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისში. დაიწყო ეს 1999 წელს ეუთოს სტამბოლოს სამიტიდან და გაგრძელდა უკვე 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში, როდესაც ჩვენ ჩვენი როლის და ფუნქციის მაქსიმალურად გაძლიერებას ვცდილობდით. რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის საქართველოს როლის სრული დაკნინება. უბრალოდ, რომ გავიხსენოთ, უკანასკნელ პერიოდში ასეთი მაღალი რანგის აშშ-ს თანამდეობის პირის ვიზიტი, რაც მახსენდება, იყო მაიკ პომპეოს ვიზიტი, როდესაც, ფაქტობრივად, საქართველოში დასაძინებლად ჩამოვიდა. წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში, ესეც კი არ ხდება. არ ვიცი, ამაზე ცუდი სცენარით როგორ შეიძლება, განვითარებულიყო ჩვენთვის მოვლენები, მართლა ძნელად წარმომიდგენია, - ამბობს გია ჯაფარიძე. 

სომხეთში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დღეს აზერბაიჯანში ჩავა. ვენსი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში  მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. 

ვიცე-პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგი.

მსგავსი სიახლეები