მთავარი კითხვა არის, რატომ ვსხედვართ საბრალდებო სკამზე ყველა - გიორგი ვაშაძე
მთავარი კითხვა არის, რატომ ვსხედვართ საბრალდებო სკამზე ყველა. ყველა, ვინც კი მსხვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა, ერთად ვართ საბრალდებო სკამზე. პროკურატურა გვედავება საოცარ მუხლებს და 15 წლამდე პატიმრობით გვემუქრება,- ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ის, რის გამოც დღეს პოლიტიკოსები ბრალდებულის სკამზე სხედან უკრაინაში ომის შემდეგ დაიწყო.
მისივე თქმით, პირველი დიდი აქცია იყო მოთხოვნით - შეეტანათ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, მომდევნო დიდი აქციები კი ეხებოდა, ევროკომისის რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნას.
"რა მოხდა ისეთი, რომ ყველა ერთადაა საბრალდებო სკამზე წარმოდგენილი და პროკურატურა საოცარ მუხლებს გვედავება? - უცხოეთთან თანამშრომლობას. კითხვა დავსვათ, რატომ ხდება ეს და საიდან დაიწყო პოლიტიკური კრიზისი? პროკურატურა ყალბად წარმოაჩენს ამ მასალებში იმ გარემოებებს, რაც მოხდა. ეს ყველაფერი უკრაინაში ომით დაიწყო, მაგრამ ყველაფერი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხით დაიწყო. პირველი დიდი აქცია რაზე იყო? ვთხოვდით ხელისუფლებას განაცხადი შეეტანათ ევროკავშირში გაწევრიანებაზე... ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, 78-ე მუხლი პირდაპირ ამბობს ამას. მე ვალდებული ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, მეორე მხარე კი ნამდვილად ეწოდა საბოტაჟს. რა მოხდა? უკრაინამ და მოლდოვამაც კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველომ - ვერა. პროკურატურამ დამალა,რომ პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენლებს მივმართე, 7-პუნქტიანი გეგმა შევთავაზე კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს. ვუთხარი, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უკან ვიხეთ და აგერ ამ პუნქტებზე ვიმუშაოთ-მეთქი და შევთავაზე ევროკავშირის ქვეყნებში ერთობლივი ვიზიტები. მხოლოდ ის ჩანაწერები რატომ მოიტანეთ, რაც მართალია ჩემს სასარგებლოდაა, მაგრამ ამოიღეთ ის ჩანაწერები, სადაც ამას ვთავაზობდი მათ. ეს ყველაფერი უკუღმაა ბრალში წარმოდგენილი. უმრავლესობის მხრიდან ცინიზმი მივიღეთ, არც ერთი მუხლი არ შეასრულეს. ისევ ჩვენ შევქმენით პარლამენტში სამუშაო ჯგუფები, რომ ოღონდ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო და მივუტანეთ "ქართულ ოცნებას". ამის საპასუხოდ - არა, არაფერსაც არ გავაკეთებთ და არც ერთ რეფორმას არ შევასრულებთო, გვიპასუხეს. ამის შემდეგ კამპანია დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, ეს საბოტაჟია? ამას ხელისუფლების წარმომადგენლებმა "რუსული კანონი" მიიღეს, აი საბოტაჟი!.. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იცოდეთ პროკურორებმა, ამის შემდეგ ეს კანონი უკან გაიტანეს და კანდიდატის სტატუსი მოგვცეს...
ხალხის პროტესტი რატომ არის ამოგლეჯილი ამ საქმეში? თურმე ჩვენი მოწოდების შედეგად გამოვიდა ხალხი, ტყუილი! 28-ში ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე მოლაპარაკებებს წყვეტდა, ეს იყო ყველაფრის რეალობა. პროკურატურამ თქვა თურმე, 2022 წელს, ჩვენ გავგიჟდით და ვთქვით, რუსეთს სანქციები დაუწესეთო. თურმე, მე უკრაინულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით საქართველოს ინტერესების საზიანოდ ვაწვდიდი სამხედრო სფეროში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას. არც ერთი მტკიცებულება არ დევს ჩემი ურთიერთობის უკრაინასთან, ან რომ რამე სახის სამხედრო ინფორმაციას მოვიპოვებდი, ან ვინმეს ვაძლევდი...
ჩამომითვალეთ სამი მტკიცებულება ჩემთან მიმართებაში, რომ საქმის განხილვა გაგრძელდეს...
გამოვიდა კობახიძე და განცხადება გააკეთა, კობახიძის განცხადებას ახლა ამ საქმეში ჯიბეში გვიდებთ", - განაცხადა ვაშაძემ.