სუსის ექს შეფი ბრალის დამძიმების მოლოდინში - ვინ დაადო ხელი გრიგოლ ლილუაშვილს?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა. როგორც ცნობილი გახდა, გამოძიებას ჩვენებები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა მისცეს, თუმცა ვინაობას ადვოკატი არ ასახელებს.
ლილუაშვილის ინტერესების დამცველს საქმის მასალების გაუთქმელობაზე ხელწერილი აქვს გაფორმებული და აცხადებს, რომ დეტალებზე საუბარი მისთვის სამართლებრივ რისკებს შეიცავს.
იქნება თუ არა გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით დაკითხული ბიძინა ივანიშვილი, ამ კითხვაზე ადვოკატი პასუხს არ სცემს. გრიგოლ ლილუაშვილი დღეს პირველად გადაიყვანეს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოს სხდომათა დარბაზში. სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მოსამართლეს განუცხადა, რომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. ლილუაშვილს, რომელსაც პატიმრობაში ტელეფონით სარგებლობაც აკრძალული აქვს, ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობაც არ მიეცა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 7 აპრილამდე, წინასასამართლო სხდომამდე, საქმეში შესაძლოა ახალი მტკიცებულებები და მოწმეები გაჩნდეს. სწორედ ამ საფუძვლით მიმართა პროკურატურამ სასამართლოს, რათა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი კიდევ ორი თვით პატიმრობაში დარჩეს.
საქმეს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი არ ადევს, თუმცა პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროკურატურა განმარტავს, რომ ამის მიზეზი მოწმეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.