"ოცნების" პოლიტიკის შედეგი - ყულევის ქარხანა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტშია
ყულევი, საქართველო - ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის წინასწარ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყულევის ნავთობტერმინალი გამოიყენება ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომელიც რუსეთში იწარმოება ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას იყენებენ.
როგორც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი აცხადებს, ევროკომისიას ყულევის ნავთობტერმინალის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები აქვს. მისი ინფორმაციით, ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტის წინადადება უკვე მოამზადა.
დოკუმენტის მიხედვით, სანქციების მე-20 პაკეტი მოიცავს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებსა და იმ პორტებს, რომლებიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნულ სიაში საქართველოსთან ერთად ინდონეზიის ერთ-ერთი პორტიც ფიგურირებს.
თუ ყულევის ნავთობტერმინალი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცევა, ეს ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები ტერმინალთან ყველა ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტენ.
ამ ეტაპზე საკითხზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის დარწმუნება მოუწევს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მზად არის ევროკომისიას ყულევის ნავთობტერმინალის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება ევროკავშირთან თანამშრომლობას გეგმავს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.