როგორ უნდა შემცირდეს ფასები - პარლამენტში დღეს კომისიის სხდომა გაიმართება

11.02.26 11:33
როგორ უნდა შემცირდეს ფასები - პარლამენტში დღეს კომისიის სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს ფასების კომისიის სხდომა გაიმართება. გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს დღეს ხორც-პრდუქტების, რძის და კვრეცხის ადგილობრივი მწარმოებლები უპასუხებენ.

"პირველების" კითხვაზე, როგორ ესახებათ ფასების შემცირება, "ქართული ოცნების" დეპუტატები გადაჭრით ვერ პასუხობენ. ამბობენ, რომ ჯერ საკითხის შესწავლის პროცესში არიან და არც იმას გამორიცხავენ, რომ ბიზნესმენებს შორის ე.წ. კარტერული გარიგება არსებობდეს. 

ჩვენ ვიწყებთ შესწავლას, დღეს უნდა მოვისმინოთ, დღეს არაფერი მოლოდინი არ მაქვს. არ ვიცი და არც მაინტერესებს, ჩვენ უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომ ფასებმა მოიკლოს. თუ იქნება კარტერული, უნდა მიეხედოს სპეციალურად მაგ საკითხს, თუ იქნება საჭირო, უნდა მოხდეს კანონმდებლობის ცვლილება და თუ იქნება სხვა რამე - სხვა რამე უნდა მოხდეს, - ამბობს პაატა კვიჟინაძე.

შესაძლო კარტერულ გარიგებაზე ამახვილებს ყურადღებას თენგიზ შარმანაშვილიც. "ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რომ ფასების საკითხი დაარეგულიროს.  

კარტერული გარიგებები ხდება მსოფლიოში ძალიან დიდ დემოკრატიისა და დიდი ტრადიციების მქონე სახელმწიფოებშიც. თუ ასეთი აღმოჩენილი იქნება, მე არ ვამტკიცებ, რომ ასეთი არსებობს, მე არ ვარ უფლებამოსილი, ვინმეს ბრალი წავუყენო ასეთ თემაზე, როდესაც ხელში არაფერი მიკავია, მაგრამ აქ არის თეორიული დაშვება იმისა, რომ თუ ასეთი იარსებებს, რეაგირებაც იქნება. თუ რამე არსებობს უკეთესი გამოცდილება, ვიდრე საქართველოს გამოცდილება, რომელიც ამას ყველაფერს გადააზღვევს, ყველაფერ ამას საქართველოს პარლამენტიც შეისწავლის, მთავრობაც და თუ რამე გასაუმჯობესებელია ჩვენს კანონმდებლობაში ამ მიმართულებით, ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი. 

სასურსათო პროდუქციის ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც ფასების ზრდაზე იმსჯელებს, 14 წევრით განისაზღვრა. 

  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაადგინა.

14 წევრიდან ფრაქციას „ქართული ოცნება“ 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „საქართველოსთვის“ - 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ - ერთი წევრი.