შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს "მოღალატეებად" აცხადებს
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი ლიდერები, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, "მოღალატეებად" შერაცხა. სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ, როცა "უცხოელებთან" კომუნიკაციაში შედიან.
ჩვენ ესეც ხომ ისტორიაში ნანახი გვაქვს. როდესაც ქართველი გარბის სხვაგან და ჩვენი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა დედაქალაქებში დარბოდნენ სხვადასხვა გეოგრაფიული მიმართულებით, ხან აღმოსავლეთში, ხან ჩრდილოეთში, ხან სამხრეთში და ხან დასავლეთში, იმისთვის, რომ შეკრა იქ რაზმი და დააყენო, შენი ქვეყნის ხელისუფლება გადააგდო, ძირი გამოუთხარო ამ ყველაფერს, ამას ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში ჩვენი 3 000 წლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებისა, ნებისმიერ მომენტში ამას ერქვა "ღალატი". და ეს ხალხი, ვინც ამას სჩადიოდა, ბაღვაშები, ლიპარიტები, როჯონიკიძეები, ყველას საზოგადოებამ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი და დაუძახა მოღალატე. ასე რომ, ამას უნდა შეეგუონ. როდესაც გარბიხარ სხვაგან იმისთვის, რომ სხვა გამოიყენო, უცხო გამოიყენო შენის წინააღმდეგ, უცხოს გამომყენებელს საკუთარის წინააღმდეგ ჰქვია მოღალატე და ეს გზა აირჩიეს და პოლიტიკურად ეს ასე შეფასებულია. სისხლის სამართლებრივ განზომილებას რაც შეეხება, ამას მართლმსაჯულება დაადგენს, - ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ადგენს, ვისი დამსახურებით დაედო სანქციები "ოცნების" 200-ზე მეტ მაღალჩინოსანს. ამის შესახებ გუშინ 8 ოპოზიციონერი ლიდერი საქმის პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.