სპეცმექანიზმი ოცნების წინააღმდეგ - რა არის ცნობილი ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" მისიის ხელმძღვანელზე?
ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" მისიას საქართველოზე უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც სპეციალიზებულია ჰუმანიტარულ და სისხლის სამართლის სამართალში და ძალის გამოყენების წესებში კონფლიქტებისა და ომების დროს.
- ცნობისთვის, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთა მისიამ საქართველოზე მუშაობა, გუშინ, 11 თებერვალს, დაიწყო.
ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს "ქართული ოცნების" მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები უტოლდება თუ არა წამებას.
მისიამ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობა უკვე დაიწყო. გეგმაშია პოლიტიკოსებთან და მედიასთან კონსულტაციებიც.
შვიდი თემატური ანგარიში შეეხება შეკრების, გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლებას, ასევე წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ პრაქტიკებს საქართველოში, განსაკუთრებით 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე. შეკრების თავისუფლების ფარგლებში ექცევა ყველაფერი ის, რაც ამ პერიოდში ხდებოდა, იქნება ეს საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც შეკრების თავისუფლებას მომეტებულად, დაუსაბუთებლად ზღუდავს და ფაქტობრივად არსს აცლის და დასრულებული ისეთი ძალიან მძიმე პრაქტიკებით, როგორიც იყო სისტემური წამება, არასათანადო მოპყრობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, ასევე გამოყენებული ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული შესაძლო ნივთიერებები, რომლებმაც ადამიანებს განგრძობითად მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.
ორი თემატური ანგარიში შეეხება სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და სამართალშემოქმედების პროცესში იმ პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს დაჩქარებული წესით ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე არსებით გავლენას ახდენს," - განაცხადა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ ეუთოს მისიის დასკვნა ძალიან კრიტიკული იქნება და დასავლელი პარტნიორებისთვის ქნება მტკიცებულება, რომ საქართველოში "ოცნებამ" ფაქტობრივად გაანადგურა ადამიანის უფლებები".
ძალიან ბევრი მასალაა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეპორტაჟი, ეს ყველაფერი რაც ხდებოდა, მათ შორის აქციების პერიოდში, წამება, დაკავება და ა.შ., ეს ყველაფერი არის ასახული ფირებზე და არა მხოლოდ კონკრეტულ ანგარიშებში, ამიტომ მე მგონია, რომ ეს დასკვნა იქნება ძალიან კრიტიკული და კიდევ ერთხელ, იქ ახალი კი არაფერი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იქნება მტკიცებულება, რომ საქართველოში ფაქტობრივად გაანადგურეს ადამიანის უფლებები," - ამბობს ეკა გიგაური.
ეუთოს 23-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე "მოსკოვის მექანიზმი" გააქტიურა.
- ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას".
23 სახელმწიფო მიუთითებს, რომ "როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები".
- ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
- 1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
- ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.