ბიზნესსექტორმა ქვეყნის წინაშე ვალდებულებებზე უარი თქვა - ნიკა გვარამიას მადლობა მედიას და გზავნილი ბიზნესს
„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი მედიასთან მის წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმეზე [ე.წ. საბოტაჟის საქმე] საუბრობს.
ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ ბრალდებების შიშით მოქმედების შეწყვეტას არ აპირებს:
ბრალდებების რომ მეშინოდეს, ახლა აქაც არ უნდა ვლაპარაკობდე. რაც ვთქვი, ისიც სავსებით საკმარისია, რომ ხვალ უკან შემომაბრუნონ. ასე რომ, მგლის შიშით ცხვარი არ უნდა გაწყვიტო, ეს ცნობილი ამბავია“- თქვა ნიკა გვარამიამ.
"მთავარი არხის" დამფუძნებელმა კრიტიკული მედიის არსებობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე თქვა, რომ ბიზნესსექტორმა "ქვეყნის წინაშე ვალდებულებებზე უარი თქვა":
ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც მედია აკეთებს. არ შეიძლება, ადამიანები ვერ ხედავდნენ, როგორ კბილით უჭირავ სული, არა მარტო მედიებს, თითოეულ ჟურნალისტს. ყოფნა-არყოფნის, ადამიანური და ფიზიკური გაძლების ზღვარზე.
ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ხელისუფლება ამას აკეთებს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ჩვენი გულგრილობის ბრალიც არის ეს. იმიტომ, რომ უნდა ვეხმარებოდეთ ამ მედიებს. არა მხოლოდ „მთავარი არხის“ ხელახლა გახსნა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ამოცანა, მაგრამ ამაზე კი არ ვლაპარაკობ ამ წუთში – ვლაპარაკობ იმაზე, რომ „ტვ პირველი“, „კავკასია“, „ფორმულა". ვერ ვუყურებდი სამწუხაროდ, „პალიტრას“… ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ, მათ შორის ეკონომიკურადაც უნდა დავეხმაროთ.
იმიტომ რომ, მეგობრებო, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის ერთი მეასედი ჟურნალისტური და სატელევიზიო საქმიანობის. ეს ხალხი 24 საათი მუშაობს, მათაც ჰყავთ ოჯახები, მათაც უნდა იარსებონ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულმა ბიზნესმა პრაქტიკულად თავისი მოვალეობის შესრულებაზე, ქვეყნის წინაშე მოვალეობის შესრულებაზე, უარი თქვა. ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.
ის რომ ჩვენ ვიღებდეთ როგორც მოცემულობას, რომ ბიზნესი ვერ იქნება ბარიკადებზე - გასაგებია. მაგრამ ის, რომ ბიზნესი საერთოდ ფეხებზე იკიდებდეს ქვეყნისთვის ბრძოლას, იმიტომ რომ მათ ხომ იციან, რომ ქვეყნისთვის ბრძოლაა. თვითონ თუ არ დგანან, რაღაცა სხვა რამის მეშვეობით მაინც უნდა დაეხმარონ ამ ბრძოლას. უნდა დაეხმარონ!“ - თქვა მან.
ასევე ნახეთ:
- ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ, ერთად უნდა ვამარცხებდეთ - გვარამიას პირველი პოლიტიკური გზავნილი
- გვარამია: "ოცნების" დაკავებულ მაღალჩინოსნებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად
ფოტო: ნეტგაზეთი