ექსკლუზივი: ივანიშვილი ტურიზმის განვითარების ფონდს ხურავს

14.02.26 21:29
ექსკლუზივი: ივანიშვილი ტურიზმის განვითარების ფონდს ხურავს

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელსაც საქართველოში ტურიზმი უნდა აეყვავებინა უქმდება. ფაქტს "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტს ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავი და თანაინვესტირების ფონდის დირექტორი უდასტურებს. ვანო ხვედელიძე ამტკიცებს, რომ ტურიზმის განვითარების ფონდის დახურვის გადაწყვეტილება მან, როგორც თანაინვესიტრების ფონდის ხელმძღვანელმა მიიღო.

ეს ფონდი 2020 წლამდე პანამაში რეგისტრირებულ "ფრენქსტონ ინტერნეიშენალს" ანუ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა. 2020 წელს კი, მილიარდერმა ეს ფონდიც საქველმოემდო ფონდ "ქართუს" სახელზე გადააფორმა.  ჩნდება კითხვა, როგორ დახურა ის თანაინვესტირების ფონდმა.

რას აკეთებს ივანიშვილი ახლა?! რატომ აუქმებს ფონდს, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულებაც 600 მილიონ ამერიკულ დოლარზე ბევრად მეტია.

ტურიზმის განვითარების ფონდს უნდა შეექმნა ახალი მიზიდულობის წერტილები საქართველოს რეგიონებში, რომ იქ ბევრი ტურისტი ჩასულიყო და ფული დაეხარჯა.

რა შეგვრჩა ამ დაპირებიდან?!

აბასთუმანში სასტუმრო პარაგრაფი ამ დრომდე არ აშენებულა.  განმუხურის მშენებარე სასტუმროც მიტოვებულია. მწვანე კონცხზე დაანონსებული "პარაგრაფიც" არ დაასრულეს. გაჩერებულია სასტუმროს მშენებლობა სოლოლაკშიც. ის რაც ააშენეს და ჩააბარეს, "პარაგრაფი თბილისი" და შეკვეთილია. პანორამა თბილისის პროექტის ნაწილს ბიძინა ივანიშვილი, დროებით საკუთარ საცხოვრებლად იყენებს. არადა დასპირება სულ სხვა იყო.

ტურიზმის განვითარების ფონდი ივანიშვილმა 10 წლის წინ შექმნა. ეს ფონდი თავის მხრივ  საქართველოში კიდევ 25 კომპანიის მფლობელია. მათ შორის არის სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც ივანიშვილის სასტუმროებს მართავს. რა ბედი ეწევათ ამ კომპანიებს და აქ დასაქმებულ ხალხს, ამ კითხვას სასტუმროების მართვის კომპანიის დირექტორი უპასუხოდ ტოვებს.

ტურიზმის განვითარების ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ, რა ბედი ეწევა ასეულობით მილიონის ღირებულების უძრავ ქონებას, რომელსაც ივანიშვილი საქართველოში, სწორედ ამ ფონდის საშუალებით ფლობს?!

ძირითად შემთხვევაში ეს არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, რომელთა დიდი ნაწილიც, საერთაშორისო ბრენდის ქვეშ არიან გაერთიანებული და ეს არის სფერო, რომელზეც სანქციები ყველაზე ხელშესახებად აისახება, რადგან უცხოელი ტურისტების მიერ ჩარიცხული თანხა სანქცირებული ივანიშვილის კუთვნილ სასტუმროებში შესაძლოა უკვე შეფერხებით აისახებოდეს.

საერთაშორისო ბრენდი "პარაგრაფი", რომლის სახელითაც ივანიშვილის სასტუმროები ოპერირებს, "მარიოტს" ეკუთვნის. "მარიოტი" ამერიკული საერთაშორისო სასტუმროების და სტუმარ-მასპინძლობის კომპანია. იგი აშშ-ში შეიქმნა და სათაო ოფისიც იქ აქვს. ივანიშვილი კი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული. ამიტომ მკვლევარები, რომლებიც მილიარდერის ნაბიჯებს წლების განმავლობაში აკვირდებიან, ახლა ამბობენ, რომ ტურიზმის განვითარების ფონდის  ლიკვიდაციის უკან ქონების დაცვისა და ფულის გადარჩენის მცდელობა უნდა დავინახოთ.

ივანიშივლის ფონდს აქუმებს - მაკა ჩიხლაძე დეტალებით