დღევანდელი ხელისუფლება შორსაა აფხაზეთის თემასთან მიმართებით - ადა მარშანია “ოცნებას“ აკრიტიკებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ადა მარშანია “ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს.
საქართველოს 4 მოწვევის წევრის თქმით, “ძალიან გამწარებულია იმით, რაც ზოგადად უნივერსიტეტების, განსაკუთრებით კი, სოხუმის უნივერსიტეტის თავს ხდება“.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ძალიან შორსაა აფხაზეთის თემასთან მიმართებაში და საბედისწერო შეცდომას უშვებს.
"ძალიან გაბრაზებული და გამწარებული ვარ იმით თუ რა ხდება ზოგადად უნივერსიტეტების თავზე და განსაკუთრებით, ჩვენი, სოხუმის უნივერსიტეტის თავს!
იმით რაც ხდება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რა შორს არის დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან მიმართებაში, როგორ არ ესმის ის, როგორ არ ერკვევა არაფერში და სამომავლოდ საბედისწერო შეცდომას უშვებს! როგორ არ უსმენს იმ ადამიანებს, ვისაც კარგად გაეგება ეს საკითხი და ვალდებულიც არის რომ გაეგებოდეს!
ჩვენი სოხუმის უნივერსიტეტი - მდიდარი და საამაყო ისტორიის მქონე, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის და თანამშრომლობის, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ბასტიონი !
კარგად მახსოვს მისი პირველი რექტორის ბატონი ზურაბ ანჩაბაძის და მამას საუბრები, დისპუტები, წუხილები, ფიქრები უნივერსიტეტის მომავალზე, მის განვითარებაზე...
სოხუმის უნივერსიტეტში, როგორც ლაკმუსის ქაღალდზე გამოვლინდა, იფეთქა ყველა ურთიერთსაწინააღმდეგო პრობლემამ, რომელიც ათეული წლები ბუდობდა აფხაზურ საზოგადოებაში. უნივერსიტეტში აღმოცენილი კონფლიქტით დაიწყო იმ ტრაგედიის ხილული ფაზა, რომელიც აფხაზეთში დატრიალდა.
რა ვქნათ, როგორ უშველოთ ჩვენს მშობლიურ და ბუმბერაზ კერას, როგორ გადავარჩინოთ უგუნურობისაგან და უგუნურებისაგან?!", - აცხადებს მარშანია.