კობახიძემ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ოპოზიციის მიერ „ოცნებისთვის“ „არალეგიტიმური ხელისუფლების“ წოდებას შეადარა
ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია ოპოზიციური პარტიების მიერ „ოცნებისთვის“ „არალეგიტიმური ხელისუფლების“ წოდება ერთმანეთს შეადარა.
უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება მისი პარტიის ხელისუფლების არაღიარებას გაუთანაბრა.
განცხადება მან გააკეთა “გრანტების შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.
ვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს განსაკუთრებით დაცული, ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობამ, თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ.
თქვენ იცით, რომ არის 5 კონკრეტული ქვეყანა, რომელიც საქართველოს იურისდიქციას, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, ასეთია 5 ქვეყანა, რუსეთი და პლიუს 4 ქვეყანა.
ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც დანარჩენ 80%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, ჩვენთვის ერთნაირი პრობლმეაა ისიც და ისიც.
ერთია საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს იურისდიქციას და მეორეა - ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას.
ერთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც დაუპირისპირდება მეორე პრობლემას, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი, ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს.
(...) რუსეთის ფედერაცია და 4 სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც." - თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, "ქართულ ოცნებას" სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეაქვს.
ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება ქმედება, "რომელიც მიმართულია ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებასთან."