“ოცნება“ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება მეწარმეს, თუ ის პოლიტიკურ აქტივობას გააგრძელებს

16.02.26 14:44
“ოცნება“ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება მეწარმეს, თუ ის პოლიტიკურ აქტივობას გააგრძელებს

“ოცნება“ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება მეწარმეს, თუ ის პოლიტიკურ აქტივობას გააგრძელებს. ახალი კანონპროექტით, მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა პირველ ჯერზე, 20 000-ლარიან ჯარიმას, ხოლო შემდგომი ჩადენა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

გორდულაძის განმარტებით, სახდელდადებულობა გულისხმობს სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ანალოგიური ქმედების ჩადენას.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა. აქ არ იგულისხმებიან ფიზიკური პირები, ინდმეწარმეები [...] პირველ ჯერზე, პასუხისმგებლობა 20 000-ლარიანი ჯარიმა იქნება, ხოლო შემდგომი ჩადენა კი გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ანუ, თუ იურიდიული პირი პოლიტიკური აქტივობისთვის ადმინისტრაციულად სახდელდადებულია, მეორედ ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს. სახდელდადებულობა გულისხმობს სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ანალოგიური ქმედების ჩადენას.

შემოთავაზებულია მუხლი, რომლის მიხედვით, პასუხისმგებლობა განისაზღვრება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით" - თქვა გორდულაძემ.

ცნობისთვის, აქამდე შემოთავაზებული ვერსიით, მეწარმე სუბიექტი "პოლიტიკური აქტივობისთვის" პირველ ჯერზე 20 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 40 000 ლარით უნდა დაჯარიმებულიყო.