კობახიძე ბოჭორიშვილის და რუბიოს გასაუბრებაზე საუბრობს: დეტალები ვერ იქნებოდა შეთანხმებული

16.02.26 15:47
კობახიძე ბოჭორიშვილის და რუბიოს გასაუბრებაზე საუბრობს: დეტალები ვერ იქნებოდა შეთანხმებული

 

 

"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ შტატებთან ურთიერთობებს ალაგებს. ამის შესახებ დღეს მედიასთან ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. "ოცნების" პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-თან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებას შეძლებენ. 

  • დღეს მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მარკო რუბიომ სახდეპში დააყენა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის საკითხი. საუბარია რამდენიმე წუთიან შეხვედრაზე, რომელიც მილანში ერთ-ერთ საზეიმო ვახშამზე შედგა და საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, აღნიშნული ინფორაცია გაჟღერდა. 

საუბარი შედგა მილანში, მიღების ფარგლებში. რაც შეეხება ამ განცხადებებს და გზავნილებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ურთიერთობების თვისებრივად განახლება, რაც არის ჩვენი სურვილი. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. 

მისი თქმით, მაკა ბოჭორიშვილს ამერიკელი მაღალჩინოსანი მიღებაზე "გაესაუბრა". 

მიღებაზე იყო [გასაუბრება], მე როგორც ვიცი, რაც გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში და ამ გასაუბრებამ მისცა ორივე მხარეს საკუთარი გზავნილების ერთმანეთთან გაზიარების საშუალება. 

"პირველების" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძის სახდეპის გზავნილის შესახებაც ჰკითხა, რომელიც "ოცნებას" კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა. "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ ის ეყრდნობა მხოლოდ იმ უშუალო კომუნიკაციას, რომელიც მილანში ორ მინისტრს შორის შედგა. ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე წუთიან შეხვედრაზე "დეტალები განხილული ვერ იქნებოდა". 

ჩვენ ვეყრდნობით უშუალო კომუნიკაციას, რომელიც შედგა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. იქ, რა თქმა, უნდა, რამდენიმე წუთიან შეხვედრაზე დეტალები ვერ იქნებოდა განხილული, - ამბობს კობახიძე.

რამდენიმე დის წინ ივანიშვილის პარტიამ შტატებიდან ახალი გზავნილი მიიღო. "ნეტგაზეთისთვის" გაგზავნილ წერილში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ რუბიოს უწყება მუშაობს კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადადგას იმ შემთხვევაში, თუ მათ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად უნდათ.

მსგავსი სიახლეები