“კანონიერი ქურდების“ ჩაწყობილ საქმეებს რომ არეგულირებდით, ჩვენ ამას წავაცალეთ თავი - ბაჩო ახალაია მოსამართლეს
საქართველოს ისტორიაში სანდო სასამართლო არასდროს ყოფილა, რადგან ჩვენ არ გვაქვს მართლმსაჯულების კულტურა - ასე უპასუხა ბაჩო ახალაიამ მოსამართლე ლევან გელოვანის შეკითხვას, ადრე, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იყო თუ არა საზოგადოების ნდობა სასამართლოს და პროკურატურის მიმართ.
მისი თქმით, “არცერთ ეტაპზე ჩვენ სანდო, პატივსაცემი სასამართლოს ტრადიცია არ გვაქვს.“
„საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა, რადგან ჩვენ არ გვაქვს მართლმსაჯულების კულტურა. თქვენ ვისი მემკვიდრეებიც ხართ, საშინელი ხალხი ხართ, საშინელი! ჩვენ მართლმსაჯულების სისტემის არცერთი მიმართულებით არ გვაქვს ცივილიზებული კულტურა. ჩვენ გვყავდა მხოლოდ ვიღაცის მოსამსახურე მართლმსაჯულება, ყოველთვის - მეფის რუსეთიდან დაწყებული კომუნისტების ჩათვლით. არცერთ ეტაპზე ჩვენ სანდო, პატივსაცემი სასამართლოს ტრადიცია არ გვაქვს. არ იცოდით?“ .
ბაჩო ახალაიას თქმით, წინა ხელისუფლებამ სასამართლოში კორუფცია გაანადგურა.
ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვბრძანდებოდით, ბატონო ჩემო... „კანონიერი ქურდების“ ჩაწყობილ საქმეებს რომ არეგულირებდით, ამას წავაცალეთ თავი. რომ მკითხეთ ამიტომ გპასუხობთ. ჩვენ დროს, ჩვენ გავანადგურეთ საშინელი კორუფცია, აღებ-მიცემობა. ადამიანები იყვნენ, რომლებმაც წერა-კითხვა არ იცოდნენ.... „კანონიერი ქურდები" წყვეტდნენ დავას სასამართლოში. ჩვეულებრივი, ჩვენი ყველაზე ცნობილი მოსამართლეები, მერაბ ტურავათი დაწყებული, ყველა მექრთამე იყო. ყველამ კარგად იცის საშინელ პირობებში მიმდინარეობდა სასამართლო სხდომა. ეს მოვსპეთ, მაგრამ მეტის გეკეთება შეუძლებელი იყო. ჩვენ წინ წავწიეთ სასამართლო. მეტსაც გეტყვით, 2012 წელს პირველი მე დამიჭირა ხელისუფლებამ. მაშინ იყო ეპოქალური შანსი, როცა ხელისუფლება იცვლებოდა სასამართლო ტრანსფორმაციის სხვა ეტაპი დაწყებულიყო... [ადრე] სასამართლოში არაფერი იყო, ხელფასი არ იყო, შუქი არ იყო სასამართლოში „პლიტებით" თბებოდნენ. საშინელი კორუფცია იყო“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
რაც შეეხება მის ბრალს, ახალაიას თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს საზოგადოებისთვის, ამიტომ მოსამართლეს მიმართა, რომ სხდომა გახსნილ რეჟიმში წარიმართოს.
გახსენით პროცესი, რატომ უნდა დახუროთ? ჯანდაბას, ახალაია ბევრს არ უყვარს ამ ქვეყანაში, დაინახონ რა ხდება... საქმეში უნდა არსებობდეს რაიმე მტკიცებულება, უნდა იყოს აუდიო, ვიდეო ჩანაწერი, ფოტო - აბსოლუტურად არაფერი არ არის ბუნებაში. ამ პროცესში შეიძლება გამოჩნდეს ის, რომ ქართული სახელმწიფო ვერ უსმენს „სიგნალს“, „ვოთსაფს“ და ვერცერთ აპლიკაციას „სმარტფონში". ამათ ჩემი მისალმება, არანაირი საუბარი არ მოუსმენიათ. ამათ არ აქვთ შესაძლებლობა მე მომისმინოს „სიგნალზე“, „ვოთსაფზე" და მოუსმინონ ნებისმიერს საქართველოში. გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, აი აქ, ერთი მტკიცებულება მოიტანონ და მე აქვე ავწევ ხელებს და ვაღიარებ. ერთი ცალი მოიტანონ.
ეს პროცესი დაიწყო გაზაფხულზე, თუ ზაფხულში, არ მახსოვს. დაიწყო შემდეგი თანმიმდევრობით - ახალაიას მაკეტი აქვს სახლში და პარლამენტში შევა, თუ რაღაცას აპირებსო. ეს იყო კობახიძის მთავარი ხაზი. შემდეგ ამან გადაინაცვლა იმაში, რომ ტროტილი თუ რაღაც იპოვეს ტყეში. ახლა ბოლოს გადაინაცვლა იმაში, რომ ახალაია ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, ჩემთვის უსაყვარლეს ხალხს", - განაცხადა ახალაიამ.