რა ქიმიური იარაღით მოწამლეს ხალხი? - კობახიძე დუმს

16.02.26 20:51
რა ქიმიური იარაღით მოწამლეს ხალხი? - კობახიძე დუმს

ირაკლი კობახიძემ, დღეს, ერთი და იგივე ბევრჯერ გაიმეორა, ილაპარაკა ბევრი, თუმცა მთავარი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი დატოვა - რა ქიმიური ნივთიერების გამოყენებით მოწამლეს ხალხი 2024 წლის ჯერ გაზაფხულზე შემდეგ კი შემოდგომაზე, იყო თუ არა წყლის ჭავლში შერეული ტრიქლორეთილენი - ნეიროტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია. "ქარული ოცნების" პრემიერმა პასუხების ნაცვლად, ისევ ბრიტანული BBC-ი გალანძღა.

მოწამლული ხალხი ამ დრომდე ითხოვს სიმართლის დადგენას. ადამიანები, ვინც წამების ტოლფასი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ ახალ-ახალ გზებს ეძებენ იმისთვის, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ და ყველა მოძალადე დასაჯონ. დღეს, საია-მ პროკურატურას განცხადებით მიმართა. გვარაკიძის უწყებიდან ითხოვენ მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი მინიმუმ შვიდ ადამიანს, დაკითხონ ისინი და გაარკვიონ რა მოხდა ერთი წლის წინ ქუჩაში.

საია პროკურატურისგან ითხოვს, დაადგინონ რამდენად კანონიერია წყლის ჭავლში შემრევი ნივთიერებების გამოყენება, მით უფრო, რომ არსებობს ეჭვები იმის შესახებ, რომ ასეთი ნივთიერებები სიცოცხლისთვის საშიშია და არავინ იცის რა გამოუსწორებელი შედეგი შეიძლება დადგეს, როცა საპოლიციო ღონისძიების დროს ხალხს უკონტროლოდ არბევენ.

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ წყლის ჭავლში შემრევი ნივთიერებების გარევაში უკანონო არაფერია და ასეთია საერთაშორისო სტანდარტი. არადა პირიქით, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ხედავენ პრობლემას ერთდროულად ორი სპეცსაშუალების გამოყენებაში. მყისიერი საფრთხის გასანეიტრალებლად, თუ ასეთი არსებობს, წყლის ჭავლი საკმარისია, თუმცა როდესაც იქ ქიმიური აგენტის შერევა ხდება, ასეთი ნივთიერებები ტანის სამოსში შეიწოვება და წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა რა შედეგი შეიძლება დადგეს. ერთი წლის წინ ქუჩაში დაშავებული მომიტინგეები დღემდე ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს უჩივიან. ზოგიერთ მათგანს აქვს გულის წასვლის ეპიზოდები, ზოგსაც ცხვირიდან მოულოდნელად ეწყება სისხლდენა. არის კიდევ უფრო მძიმე შემთხვევებიც.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის სიუჟეტში