ციხე არაღიარების გამო - "ოცნების" ახალი შემზღუდავი კანონი

16.02.26 20:17
ციხე არაღიარების გამო - "ოცნების" ახალი შემზღუდავი კანონი

მანანა არჩვაძე-გამსახურდია შესაძლოა "ქართული ოცნების" ახალი კანონის სამიზნე გახდეს. პირველი პრეზიდენტის მეუღლე, დღემდე თავს ქვეყნის ლეგიტიმურ პრემირ-მინისტრად აცხადებს. ასე ფიქრობს ზვიად გამსახურდიას მომხრეების ნაწილიც - ვის ემუქრება სამი წლით ციხე, კანონის ჩანაწერი, დღეს, პირველად პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გამოიტანეს.

ამ ჩანაწერით "ქართულმა ოცნებამ", სალომე ზურაბიშვილს ფაქტობრივად პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა. ვინაიდან ზურაბიშვილი არ აღიარებს მიხეილ ყაველაშვილის და "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციას და მიიჩნევს, რომ ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტი თავად არის. "ოცნების" კანონპროექტის მიხედვით კი, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლად საკუთარ თავს თვითნებურად მიიჩნევს ის სამი წლით ციხეში წავა.

ჩანაწერი, რომ სპეციალურად ზურაბიშვილისთვის შეიქმნა ამის მიხვედრა რთული არ არის, რადგან სწორედ ზურაბიშვილია ერთადერთი პირი, რომელსაც ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსები ლეგიტიმურად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებდნენ. ამიტომაც ახლა "ქართული ოცნება", როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებაა მეხუთე პრეზიდენტის ციხეში გაშვების საკითხზე.

სისხლის სამართლის კოდექსს "ქართული ოცნება" ახალ მუხლს ამატებს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე, რომელიც სისტემურად და მასობრივად დაუმორჩილებლობას უცხადებს "ოცნების" ხელისუფლებას, ვინც ქმნის აღქმას, რომ არალეგიტიმურია პრეზიდენტი, პრემიერი, ან პარლამენტის წევრები ასეთი მოქალაქე ექსტრემისტად ჩაითვლება და ციხის საგზურს მიიღებს. ექსტრემისტებად ხალხის შერაცხვა პოლიტიკურ შეხედულების გამო მოსკოვის ხელწერაა, ასეთი განაჩენი პუტინის რუსეთში არაერთ პირს გამოუტანეს.

რატომ აიძულებს ციხის მუქარით ივანიშვილის პარტია ხალხს, რომ არ დააყენონ ეჭვქვეშ მათი ლეგიტიმურობა. პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, რომ "ოცნებას", დღეს, ისე უდგას ლეგიტიმაციის პრობლემა, როგორც არასდროს, ამიტომ ხელისგადაგრეხის პოლიტიკა ერთადერთ გზა დარჩა.

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში