რუსეთის შეთავაზება "ოცნებას" - რას პასუხობს კრემლს ივანიშვილის გუნდი და რას ამბობენ ექსპერტები
პუტინის მთავრობისგან ივანიშვილის გუნდმა მეორე საჯარო შეთავაზება მიიღო. გასული კვირას იყო სოხუმის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, დღეს კი უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილემ თბილისს 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა.
ვიდრე კრემლისგან ზედიზედ ორ საჯარო წინადადებას მიიღებდა ირაკლი კობახიძე, მანამდე იყო მისი სვლა. საგარეო საქმეთა სამინსიტრომ მოსკოვში, საქართველოს დიპლომატიური მისიის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა. ეს პოსტი, "ოცნების" განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დაიკავა.
ჩნდება კითხვა - რუსეთის მთავრობა ამ საჯარო შეთავაზებებს თავისი ინციატივით აკეთებს თუ ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაიმე ფარული მოლაპარაკებები მიდის, რაზეც ჯერ "ოცნების" მთავრობა ინფორმაციას მალავს? - მაგალითად ასე მოხდა ავია მიმოსვლის აღდგენის დროსაც - ჯერ კრემლში ივანიშვილის ემისრებმა ნიადაგი მოამზადეს, შემდეგ კი რუსული თვითმფრინავებისთვის საქართველოს ცა გაიხსნა. პრორუსი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთთან ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის შეთანხმების ერთ-ერთი ინიციატორია, "TV პირველთან" ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება კრემლის შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს.
არსებობს კითხვები - ენგურზე საიდუმლოდ აშენებული სატრანსპორტო ტერმინალი და ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის იდეა არის თუ არა კრემლის გეგმა, სამხრეთ კავკასიაში დაკარგული მოკავშირეების კვალდაკვალ პარტნიორობა საქართველოსთან დაამყაროს. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ამ ნაბიჯებს "ოცნების" თანხმობის გარეშე არავინ გადადგამდა.
სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ რეგიონში ამერიკული გავლენები გაიზარდა, რუსეთის კი უფრო შესუსტდა. ამ დროს კი პროცესებიდან სრულად გამოთიშული "ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ბედი მილანის მიღებაზე რამდენიმე წუთიანმა კომუნიკაციამ გადაწყვიტა.
არადა შტატებს თავისი პირობები აქვს. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუ "ქართულ ოცნებას" ურთიერთობების აღდგენა მართლაც უნდა, ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.