ბაჩო ახალაია პროცესების გახსნას ითხოვს - რა აღიარა გამოძიებამ?!

16.02.26 20:28
ბაჩო ახალაია პროცესების გახსნას ითხოვს - რა აღიარა გამოძიებამ?!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მამხილებელი 1 მტკიცებულების სანაცვლოდ მზად იყო ყველაფერი ეღიარებინა და 9 წლით ციხეში წასულიყო. ბაჩო ახალაია, რომელსაც 4 ოქტომბრის დიდი შეკრების მთავარ ორგანიზატორად ნათლავს "ოცნების" პროკურატურა ბრალს არ აღიარებს და მტკიცებულებებს ითხოვს. 

ახალიას შეთავაზებას პროკურატურამ დუმილით უპასუხა. 2-თვიანი წინასწარი გამოძიების შემდეგ სახელმწიფო ბრალდებამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სამხილები ვერ იპოვა, თუმცა სასამართლო პროცესის დახურვა მოსამართლისგან მოითხოვეს. პროკურატურა სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მოწმეთა ნუსხაში სუს-ის თანამშრომლებიც არიან და მათი ვინაობის გაჟღერება არ სურთ.  

თავდაცვის ყოფილი მინისტრი 20 წუთის განმავლობაში უხსნიდა მოსამართლეს რატომ არ უნდა დახურულიყო სასამართლო პროცესი. ბაჩო ახალაიასთვის ახლა მთავარი ამოცანაა გააგებინოს ყველას რა მტკიცებულების საფუძველზე დააკავეს და უშვებენ ციხეში ბევრი წლით. ახალია დღეს სასამართლოს უხსნიდა, რომ მისი საქმე არაფრით არის განსხვავებული 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა ბრალდებულების საქმისგან.  

Wifi-ის გამოყენების ფაქტზე დაკავებულ ბაჩო ახალიას საქმეში პროკურატურა იძულებული გახდა ჩაედო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი დამონტაჟებულია და სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის მეირ არის გენერირებული. არადა რეჟიმის პროპაგანდა კვირების განმავლობაში ამ ჩანაწერზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ახალია გადატრიალებას აორგანიზებდა. 

ის, რომ დასამალი არაფერი აქვს ამაზე დღეს ბაჩო ახალიამ ბევრი ილაპარაკა. თქვა, რომ რუსი დიქტატორი ივანიშვილი დასამხობია, "ოცნების" მაღალჩინოსნები კი კაბინეტებიდან გამოსაყრელი.

სამართლიანი სასამართლოს იმედი ახალიას არცერთი წამი არ ჰქონია, საკუთარ სხდომაზე მოსამართლეს უხსნიდა რატომ სჭირდება ქვეყანას სამართლიანი სასამართლო.

მოსამართლე ლევან გელოვანმა დღეს მოისმინა ბრალდებულისა და ადვოკატების პოზიცია, თუმცა სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიანც მიიღო. მსაჯულმა დღეს ახალაიასთვის აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და თავდაცვის ექს-მინისტრი ციხეში დატოვა.

Wifi-ის გამოყენების ფაქტზე დაკავებული ბაჩო ახალაიას საქმეში პროკურატურა ამტკიცებს, რომ აქვს პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები თუმცა არცერთის საჯაროდ დასახელება არ შეუძლიათ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე მოწმის სტატუსი მიანიჭეს ანი ნადარეიშვილს. ნადარეიშვილი არ აპირებს ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში