რატომ გადააქვს "ოცნებას" სავალუტო რეზერვები კომუნისტურ ჩინეთში?
რა უნდა ეროვნულ რეზერვებს ჩინეთში?! საქართველო იმ გზის გავლას აპირებს, რაც რუსეთმა უკვე გაიარა, ეროვნული ბანკის რეზერვები ჩინურ ფასიან ქაღალდებში უნდა ჩავდოთ. ირაკლი კობახიძე ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იხსნის. "ოცნების" ლიდერის არგუმენტია, რომ ეროვნული ბანკის საქმეში არ ერევა.
ეკონომისტებს ეროვნული ბანკის ბევრი პოლიტიკური ნაბიჯი ახსოვთ, ამიტომ არც ახლა სჯერათ ირაკლი კობახიძის მითის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაზე. რატომ ცდილობს "ოცნების" პრემიერი პასუხისმგებლობის მოხსნას? თან ამერიკასთან სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებას ცდილობდე და თან რეზერვები დოლარის ნაცვლად ჩინურ იუანში მიგქონდეს, არ გამოდის, ამიტომ სავარაუდოდ, კობახიძეს ურჩევნია, რეზერვებთან მაინც არ ასოცირდებოდეს მისი სახელი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომ პარტიული ჩარევის გარეშე გადაწყვიტა ჩინეთში რეზერვების წაღება, არავის სჯერა. ნათია თურნავას არგუმენტი დივერსიფიკაციაა. ეს სწორი იქნებოდა საქმე ჩინეთში ინვესტირებას რომ არ ეხებოდეს, რისკები მრავლად არის. მსოფლიო რეზერვების მხოლოდ 2 პროცენტი ინახება ჩინურ ფასიან ქაღალდებში - პირველ ადგილზე რუსეთია, 120 მილირდი დოლარით, მას მოჰყვება ირანი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ვენესუელა - სწორედ ამ ქვეყნების გვერდით დგომას ნიშნავს იუანში ჩვენი რეზერვების გადატანაც.
დივერსიფიკაცია ისედაც შესაძლებელია, მაშინ რატომ აკეთებს არჩევანს კომუნისტურ ჩინეთზე საქართველო? - ეკონომისტებს ერთადერთი ახსნა აქვთ, რომ უკვე "ქართულ ოცნებაშიც" იციან, რა დაუჯდებათ ქვეყანაში დიქტატურის დამყარება. პრაქტიკა ასეთია - თუ დასავლური სანქციების ქვეშ აღმოჩნდება ქვეყანა, რომელსაც დასავლეთში აქვს ეროვნული რეზერვები, ეს ფული გაიყინება.