ყაველაშვილმა პარლამენტში "ოცნების" საგარეო პოლიტიკა შეაქო

17.02.26 13:48
ყაველაშვილმა პარლამენტში "ოცნების" საგარეო პოლიტიკა შეაქო

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა ისევ "უცხო ძალების" მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე გაამახვილა ყურადღება. მისი მტკიცებით, აღნიშნული პროცესები, მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, რეგიონში ესკალაციისკენ არის მიმართული.

ივანიშვილის პრეზიდენტმა ასევე "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა შეაქო და მას "პრაგმატული" უწოდა.

დღეს სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კიდეც ჩვენი სახელწიფოებრიობის არსს. დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების ესკალაციას. 

ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თითოეული გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულით არის ნაკარნახევი და ისტორიის რთულ, გადამწყვეტ ეტაპზე ყოველთვის საკუთარი ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე დგას, სახელმწიფო კი კანონისა და კონსტიტუციის ერთგულებით მოქმედებს. 

ამგვარი ერთიანობა რომ არა, ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი დათმობაც კი ჩვენი სახელწიფოებრიობისთვის დაღუპველი იქნებოდა. ფაქტმა, რომ ა ზეწოლას გავუძელით, საგრძნობლად გააძლიერა როგორც ჩვენი სახელმწიფო, ისე ჩვენი საზოგადოება. ჩვენი პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა. საქართველო სამშვიდობო პოლიტიკას ატარებს და ეს საქმით დავამტკიცეთ, რასაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა აშშ-ში, გაეროში ვიზიტი. ეს პლატფორმაც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მთავარი სათქმელი: საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვას სუვერენიტეტის პატივისცემაზე, ორმხრივ ინტერესებსა და საფუძვლიანობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობისთვის.

განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირთ შეგუება, რომ საქართველო არის სყვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ისინი ჩვენს ქვეყანას თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ, რომლის ფარგლებშიც საქართველომ მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები უნდა შეასრულოს. მოუწევთ მათ შეგუება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო.

რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, რაც გამოიხატა პარტნიორობის გზამკვლევის შეთავაზებაში, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ორი ქვეყნის ინტეერსები. ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება ოვლენები, - თქვა სიტყვის გამოსვლისას ყაველაშვილმა.