ყაველაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე პასუხისმგებლობას "გარე ძალებს" აკისრებს
მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 4 ოქტომბრის მოვლენებზეც ისაუბრა და მას "საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი აქტი" უწოდა. მისი მტკიცებით, აღნიშნულ ქმედებებს გარე ძალების წახალისება ახლდა.
ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური ველის „გაჯანსაღების“ აუცილებლობაზეც.
4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები - ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება.
საგანგაშოა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული ძალადობრივი აქტი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ფაქტობრივად, ღიად იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ. ჩვენს ქვეყანაში მოვლენების ამგვარი განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესში შეიძლება, იყოს. ვისაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა უნდა, შეუძლებელია, მას ჩვენს ქვეყანაზე შესტკიოდეს გული.
იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ მოექცეს სტაბილურ კალაპოტში და ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას საფრთხე არასდროს შეექმნას, აუცილებელია პოლიტიკური ველის გაჯანსაღება. ჩვენ ვალდებული ვართ, შევქმნათ ყველანაირი პირობა იმისთვის, ჩვენს მოქალაქეებს დაბალანსებულ ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულებების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე ჰქონდეთ წვდომა, რადგან ეს ყველაფერი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი წინაპირობაა, - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.