"ივანიშვილის პირადი პრეზიდენტი ხართ" - გახარიას გუნდის წევრის მიმართვა ყაველაშვილს
პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილს სიტყვით მიმართა შალვა კერესელიძემ. დეპუტატმა პრეზიდენტი გააკრიტიკა და მისი გადაწყვეტილებები გაიხსენა, მათ შორის სამართალდამცველების დაჯილდოებისა და აქციებთან დაკავშირებული პროცესების კონტექსტში.
კერესელიძემ ყაველაშვილს ჰუმანური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „გახარიას“ საპარლამენტო გუნდი ამნისტიის კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ დაკავებებსა და ჯარიმებს შეეხება.
თქვენ უარს ეუბნებით ქართველ ხალხს ისეთი ოჯახის წევრობაზე, სადაც მოხუცს აფთიაქში წამლის ფასი არ შეაშინებს, სადაც თავისუფალ ადამიანს, ტროტუარზე განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო, ციხეში არ გაუშვებენ, სადაც დროებით დანიშნული ჩინოვნიკები ვერ შეუშლიან ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში მიიღონ ღირსეული განათლება, სადაც ადამიანები, სიდუხჭირისგან თავის დაღწევის გამო, არ იფიქრებენ საკუთარი ქვეყნიდან გაქცევას და სადაც კორუფციით ნაშოვნ ფულს ყველა კორუმპირებულს უკან მოატანინებენ.
მე ძალიან მოკლედ და პირდაპირ გეტყვით სათქმელს, რისი თქმაც მსურს.
მართალია, თქვენ არ ხართ ქართველი ხალხის რჩეული პრეზიდენტი, მაგრამ თქვენ ივანიშვილის პირადი პრეზიდენტი ბრძანდებით, რაც თქვენ პირველივე გამოსვლაში დაადასტურეთ, როდესაც პირველივე სიტყვით მადლობა არა ქართველ ხალხს და საკუთარ სამშობლოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადეთ.
პირველი გამოუსწორებელი შეცდომა, რაც თქვენ ჩაიდინეთ, გახლავთ ის, რომ აქციებზე ქალების და ბავშვების დამასისხლიანებელი, ნაცმოძრაობის დროინდელი ჯალათი, მაგნიცკის სიით სანქცირებული ხარება და მისი რაზმი დააჯილდოვეთ ღირსების ორდენით.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ პირობებშიც კი, თქვენ შეგეძლოთ, თქვენი ერთადერთი რეალური უფლება გამოგეყენებინათ და მოქცეულიყავით ისე, როგორც ხალხის პრეზიდენტი და უსამართლოდ დატყვებული სტუდენტები სახლში გაგეშვათ, რაც ვერ გააკეთეთ და მხოლოდ ივანიშვილის პრეზიდენტად დარჩენა ამჯობინეთ.
მშვიდობაზე და დეპოლარიზაციაზე საუბრობთ, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი ვერ გადადგით. და არა მხოლოდ გინება, ეს ჰუმანური აქტიც პოლიტიზირებულ ინსტრუმენტად აქციეთ.
ნუ ვაჭრობთ ადამიანების ბედით!
გამკაცრებული კანონებით კი, ნუ ცდილობთ აღიარება მოიპოვოთ, თუ ხელისუფალი გინდათ გერქვათ, გადადგით ჰუმანური ნაბიჯები.
თქვენ, თუ მართლა გსურთ პოლიტიკური ვითარების ნორმალიზება, დაძაბულობის დეესკალაცია და პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება, რამდენიმე დღეში ჩვენი საპარლამენტო გუნდი საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც 2024 წლის ნოემბერის თვიდან 2025 წლის სეტემბრის თვის ჩათვლით საქართველოში განვითარებულ საპროტესტო აქციებში დაკავებულ და დაჯარიმებულ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეხებათ, და მოგმართავთ ამ ტრიბუნიდან, მხარი დაუჭირეთ ამ კანონპროექტს, გაათავისუფლეთ ისედაც გაჭირვებული ადამიანები 5000-10 000 ლარიანი ჯარიმებისგან, და გაათავისუფლეთ დატყვევებული ის ახალგაზრდები, რომლებიც ოცნების ამომრჩეველსაც კი ხინჯად აქვს გულში გაჩხერილი.
მხოლოდ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გექნებათ უფლება, თამამად ისაუბროთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დეპოლარიზაციასა და ქვეყნის დამშვიდებაზე იმიტომ, რომ ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევასა და დემოკრატიული სტაბილურობის აღდგენას. ჩათვალეთ, რომ ეს მეორე შანსია, გამოიყენეთ ეს შანსი, და აირჩიეთ, ვისი პრეზიდენტი გინდათ იყოთ - ივანიშვილის თუ ქართველი ხალხის! , - უთხრა გახარიას გუნდის წევრმა შალვა კერესელიძემ მიხეილ ყაველაშვილს.
კერესელიძის ამ განხადებას "ოცნების" დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. ირაკლი კირცხალიამ გახარიას გუნდს "პარლამენტში შეპარული 12 ცარიელი ადგილი უწოდა" და უთხრა, რომ მათი მხრიდან "დასახიჩრებულ ადამიანებზე" საუბარი "უხერხულია".
როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, როგორ გიტრიალდებათ ენა, როდესაც გახარიას გუნდს წარმოადგენთ? ამ მატყუარა, ამ მშიშარა კაცის გუნდს წარმოადგენთ. როგორ გიტრიალდებათ ამ ყველაფერზე ენა, როდესაც მისი ბრძანებით ვნახეთ რა მოხდა აქ 20 ივნისის დროს. შუბლის ძარღვი გაიწყვიტეთ... არც გქონდათ, რაც არ გაქვს, იმას ვერ გაიწყვიტავ. თუ ვინმეს და რამეს უარი უთხრა ჩენმა საზოგადოებამ, ეს არის თქვენ და თქვენნაირები. უბრალოდ აგენტურა, ცარიელი ადგილი ხართ შემოპარული პარლამენტში და შემოგაპარეს, იმიტომ, რომ დავალება გქონდათ. ასე რომ, გრცხვენოდეთ თითოეული იმ განცხადების, რომელ განცხადებასაც თქვენ აკეთებთ, - უთხრა კერესელიძეს ირაკლი კირცხალიამ.