წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა პოლიციელების მხრიდან, გაუპატიურების მუქარა და ვითარება ციხეებში - ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა

18.02.26 13:18
 წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა პოლიციელების მხრიდან, გაუპატიურების მუქარა და ვითარება ციხეებში - ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT) საქართველოს შესახებ უმწვავესი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2024 წლის 18-დან 29 ნოემბრამდე და 2025 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა.

CPT-ის თანახმად კომიტეტმა მიიღო უამრავი საჩივარი არასათანადო მოპყრობის შესახებ იმ პირებისგან, რომლებიც თბილისში 2024 წლის 29 ნოემბრის აქციებზე დააკავეს. 

46-გვერდიან დოკუმენტში საუბარია პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და შესაძლო წამების ფაქტებზე, ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მდგომარეობაზე.

ანგარიშში ასახულია აქციებზე დაკავებულებისა და „სინდისის პატიმრების“ საქმეები. უცხოელი მონიტორების შეფასებით, ბორკილდადებული დემონსტრანტების ცემა შეიძლება შეფასდეს როგორც წამება ან არასათანადო მოპყრობა.
 

რა წერია ანგარიშში: 

  • ადამიანები, რომლებიც ცალ-ცალკე გამოიკითხნენ და, შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ ჩვენებების კოორდინირებას, მიუთითებდნენ იმაზე, რაც წარმოადგენდა პოლიციის ქცევის აშკარა ნიმუშს/პატერნს დემონსტრაციების დროს: დემონსტრანტებს აკავებდნენ ნიღბიანი და ქუდიანი ოფიცრები (სავარაუდოდ, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს წარმოადგენდა), რომლებსაც არ გააჩნდათ არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი (ზოგიერთს ეცვა ტანსაცმელი წარწერით „პოლიცია“, სხვებს კი არანაირი მსგავსი მარკირება არ ჰქონდათ).
  • დემონსტანტებს აკავებდნენ რამდენიმე (10-მდე ან მეტი) ოფიცრისგან შემდგარი ჯგუფებით, ურტყამდნენ მათ მუშტებსა და ფეხებს მთელ სხეულზე (მათ შორის სახესა და თავის არეში), აგინებდნენ მათ და ემუქრებოდნენ (მათ შორის გაუპატიურებით), მაშინ როდესაც აღნიშნული პირები, გავრცელებული ინფორმაციით, არ უწევდნენ წინააღმდეგობას და იყვნენ სრულად კონტროლის ქვეშ (ზოგჯერ მიწაზე იწვნენ).
  • მოქალაქეებს სცემდნენ განგრძობითად, ერთდროულად რამდენიმე ოფიცერი, (ზოგჯერ რიგრიგობით), მათ შორის მაშინაც, როდესაც დაკავებულებს ხელები ზურგს უკან ბორკილებით ჰქონდათ შეკრული.
  • როგორც ამბობენ, თითქმის ყველა შემთხვევაში არასათანადო მოპყრობა წყდებოდა მას შემდეგ, რაც ნიღბიანი და კაპიუშონიანი პოლიციელები დაკავებულ პირებს გადასცემდნენ საპატრულო (ან კრიმინალური) პოლიციის იმ ოფიცრებს, რომლებსაც ნიღბები არ ეკეთათ.
  • აღსანიშნავია, რომ დაზიანებები – როგორც დელეგაციის მიერ უშუალოდ დაფიქსირებული და დოკუმენტირებული, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე ექიმების მიერ შესვლისას აღრიცხული, სრულად შეესაბამებოდა შესაბამისი დაკავებული პირების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს.
  • CPT აცხადებს, რომ იმეორებს რეკომენდაციას, რომელიც არაერთხელ აქვს გაცემული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირთა დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ ისეთი ძალა, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციულია;
  • არასდროს არსებობს იმ ადამიანების მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მათ შორის ხელების და ფეხების დარტყმის, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის რამენაირი გამართლება, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან და მოქცეულები არიან პოლიციის ოფიცრების კონტროლის ქვეშ.
  • გარდა ამისა, კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ უმაღლესი პრიორიტეტი მიენიჭოს პოლიციის ოფიცრებისთვის (განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებულთათვის) სათანადო მომზადებას მასების მართვის ტექნიკაში, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის უსაფრთხო გამოყენებაში.
  • ანგარიშში წერია, რომ დამცველმა არაერთხელ საჯაროდ დაგმო პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მასობრივი გამოყენება დემონსტრაციების დაშლის კონტექსტში, ასევე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გადაჭარბებული და არაპროფესიონალური გამოყენება.
  • მან მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, განახორციელოს ეფექტური გამოძიება ყველა მიღებულ ბრალდებაზე. კომიტეტი მხოლოდ და მხოლოდ უერთდება ამ მოწოდებებს.
  • CPT ასევე გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს ზომები მოქმედ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზის აღმოსაფხვრელად – კერძოდ, უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემონსტრაციების დროს მობილიზებულ ყველა ნიღბიან და/ან კაპიუშონიან სამართალდამცავ ოფიცერს თავის ჩაფხუტზე ან უნიფორმაზე, წინა მხარეს, ჰქონდეს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშანი (მაგ. პირადი ნომერი).
  • ანგარიშის მომზადების ხანგრძლივი დროის განმავლობაში არცერთ პოლიციელს არ წარდგენია ბრალი რაიმე ფორმის გადაცდომასთან დაკავშირებით (მათ შორის ძალის გადაჭარბებულ გამოყენებასა თუ ფიზიკურ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით). კომიტეტი გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები […] გარდა ამისა, CPT მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ზემოაღნიშნული გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტი საუბრობს ერთ საქმეზე, რომელიც 2024 წლის 22 ნოემბერს მოხდა, ის არ არის დაკავშირებული აქციებთან, თუმცა, სახეზეა არაადამიანური მოპყრობა: 

დიმიტრი ხ.-ს საქმე

  • საქმეში, რომელიც ეხებოდა პოლიციის დაკითხვის დროს არასათანადო მოპყრობას, დელეგაციამ უშუალოდ აღრიცხა სამედიცინო მტკიცებულებები, რომლებიც შეესაბამებოდა ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც დაკავებულ მოქალაქეს გააწნეს სილა, ურტყეს მუშტები და მუხლი იმ მიზნით, რომ მისთვის ეიძულებინათ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.
  • დაკავებულს, არსებული ინფორმაციით, ასევე ემუქრებოდნენ ხელკეტით გაუპატიურებით.
  • დაკავებულმა პირმა, ბატონმა დიმიტრი ხ.-მ, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას, იმავე დღეს, განაცხადა წეროვანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ (რომელსაც, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა 2024 წლის 22 ნოემბერს), რის შემდეგაც იზოლატორის ექიმის მიერ ანგარიში გაიგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ვიზიტის დასასრულს CPT-იმ მოითხოვა ინფორმაცია ამ საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ.
  • 2025 წლის 22 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ CPT-ს მიაწოდა ინფორმაცია ბატონი ხ.-ს საჩივრის საფუძველზე განხორციელებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, მათ შორის მომჩივნის, შესაბამისი პოლიციელებისა და მოწმეების გამოკითხვის, დიმიტრი ხ.-ს სხეულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების, არსებული ვიდეომეთვალყურეობის (CCTV) კადრების შემოწმებისა და იმ ნარკოლოგიური ცენტრის ექიმების გამოკითხვის შესახებ, სადაც დიმიტრი ხ. წეროვანის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ გადაიყვანეს.
  • თუმცა, ზემოხსენებულ წერილში მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს დასკვნებს და არც დეტალებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

CPT კვლავ მოითხოვს, მიეწოდოს ინფორმაცია ზემოაღნიშნული გამოძიების შედეგების შესახებ.

კვლევაში პირდაპირ წერია, რომ წამების პრევენციის კომიტეტი შეშფოთებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებითა და მისი ფუნქციების პროკურატურისთვის გადაცემით.

წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტო. უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. უწყების განცხადებით, კომიტეტმა დადებითად შეაფასა როგორც თანამშრომლობა, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობები, თუმცა ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გარკვეული მიმართულებებით დამატებითი გაუმჯობესების საჭიროებაზე.