კობახიძის მტკიცებით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი, რეალურად, ქართველია
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა ქართველია. უცხო ქვეყნიდან მიგრაციის სტატისტიკურ მონაცემები "ოცნების" პრემიერმა პარლამენტს გააცნო, სადაც ინტერპელაციის წესით, კონკრეტულ კითხვებზე საპასუხოდ დაიბარეს.
კობახიძის თქმით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქვეყანაში მყოფ უცხოელთა 29.9%-ს შეადგენენ, რაც 32 129 ადამიანს მოიცავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი დაახლოებით 30% საქართველოს ყოფილი მოქალაქეები ან ქართული გვარის მქონე პირები არიან.
მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე გააჟღერა გაძევების სტატისტიკაც.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29.9%, 32 129 ადამიანი. აქ მინდა, დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ საზღვრის კვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის, დაახლოებით, 30%. რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში, არიან, რეალურად, ქართველები.
გაძევებულ პირთა 20.5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12.9% თურქეთის მოქალაქეები, 12% ირანის მოქალაქეები, 7.5% ჩინეთის მოქალაქეები, 5.6% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ეს არის საერთო სტატისტიკა გაძევების მიმართულებით, - თქვა დღეს კობახიძემ.
"ოცნების" პრემიერმა ბინადრობის ნებართვების გაცემის სტატისტიკაზეც ისაუბრა და ქვეყნების მიხედვით განაწილება წარმოადგინა. მისი თქმით, მეორე ადგილზე ინდოეთია — 23 930 გაცემული ნებართვით, სადაც ბენეფიციართა უმეტესობას სტუდენტები შეადგენენ. მესამე ადგილზე აზერბაიჯანია (6.3%), ხოლო შემდეგ მოდის უკრაინა (5.9%) — 6 290 ნებართვით. კობახიძის განცხადებით, დამატებით, სამართლებრივი აქტების საფუძველზე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გარეშე ცხოვრობს დაახლოებით 25 000 უკრაინელი.
მონაცემების მიხედვით, სიაში ასევე არიან სომხეთი (4.8%), ბელარუსი (3 738 პირი), თურქეთი (3.4%), ირანი (3.1%), სუდანი (2%), ჩინეთი (1.9%), იორდანია (1.9%), პაკისტანი (1.5%), ეგვიპტე (1.2%) და აშშ (1%). პრემიერის შეფასებით, ამ სტატისტიკით ქვეყანაში ბინადრობის ნებართვით სარგებლობს 107 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
მეორე ადგილზეა ინდოეთი 23 930 პირზე არის გაცემული ბინადრობის ნებართვა და მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი 6,3 პროცენტი, აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა არიან საქართველოდან გასული აზერბაიჯანელები, რომლებიც ფლობენ დღეს აზერბაიჯანის მოქალაქეობას და დაბრუნებული არიან საქართველოში. რაც შეეხება უკრაინას, 5,9 პროცენტი, 6 290 ადამიანია ასეთი, თუმცა დამატებით ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის რეალური სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 000 უკრაინელი. მთლიანობაში საქართველოში უკრაინელების რაოდენობა არის 30 000-მდე, საიდანაც 6 290 აქვს ბინადრობის ნებართვა, 25 000-მდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა. სომხეთი 4,8 პროცენტი, 5 000-ზე მეტი ადამიანია, აქაც ჩვენი ვარაუდით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გავიდნენ საქართველოდან, მიიღეს სომხეთის მოქალაქეობა და შემდეგ დაბრუნდნენ ისევ საქართველოში. ბელარუსი 3 738 პირს აქვს მინიჭებული ბინადრობის ნებართვა. თურქეთი არის 3,4 პროცენტი 3 645 პირი, ირანი - 3,1 პროცენტი 3 331 ირანის მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის ნებართვა. სუდანი 2%, ესენი არიან მთლიანად სტუდენტები, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ საქართველოში. ჩინეთი - 1,9 პროცენტი, 2000-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქეა, ესენი არიან ძირითადად სამუშაო ძალა, რომლებიც არსებითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებული. იორდანია 1,9 პროცენტი, 2000-ზე მეტი იორდანიის მოქალაქეა საქართველოში. მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სამედიცინო მიმართულების სტუდენტები. პაკისტანი - 1,5%, 1618 არის რაოდენობა და ისინიც მთლიანად არიან სამედიცინო მიმართულების სტუდენტები. ანალოგიურად ეგვიპტე - 1,2 პროცენტი, 1341, აქაც თითქმის ყველა არის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. აშშ - 1 პროცენტი, 1000 პირზე მეტი არის ასეთი. უკეთესი არის საერთო სტატისტიკა, რასაც ჩვენ ვადგენთ ბინადრობის ნებართვის გაცემის მაჩვენებლებიდან გამომდინარე. მთლიანობაში ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 107 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.