საქართველოში, დაახლოებით, 20 000 არალეგალია, 2026 წელს ვფიქრობთ, მოხერხდება, 20%-ის გაძევება - კობახიძე

18.02.26 14:13
საქართველოში, დაახლოებით, 20 000 არალეგალია, 2026 წელს ვფიქრობთ, მოხერხდება, 20%-ის გაძევება - კობახიძე

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც ის ინტერპელაციის წესით არის დაბარებული, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე დაახლოებით 20 ათასი პირი იმყოფება არალეგალურად, ხოლო 2026 წლის განმავლობაში ხელისუფლება არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევებას გეგმავს.

„საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მილიონ 914 ათასი ადამიანი. აქედან მაქსიმუმ 257 ათასი უცხოელია. […]

ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით, 20 000-ს. თუმცა, დაახლოებით, 2 თვეში მაქსიმუმ გვექნება დაზუსტებული მონაცემები. […]

ჩვენ 2025 წელს, გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ანუ გადავასწარით გასული 10 წლის სტატისტიკას, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, მივაღწევთ 4000-იან ნიშნულს, შესაბამისად, მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს სავსებით რეალურია იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში.

გაძევებულ პირთა 20,5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12,9% – თურქეთის მოქალაქეები, 12% – ირანის მოქალაქეები, 7,5% – ჩინეთის მოქალაქეები, 5,6% – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.