სუს-მა უნდა თქვას, აიღო თუ არა ღარიბაშვილის მთავრობამ ქრთამი? - რომან გოცირიძე
ენერგეტიკული პოლიტიკისა და გაზის მიწოდების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფონზე ოპოზიცია სუს-ისგან მეტ განმარტებას ითხოვს.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველო ბაქო–თბილისი–ერზერუმის მილსადენიდან „ჩამოშორდა“ და გაზმომარაგების სანდოობაზე სერიოზული კითხვები გაჩნდა.
მისივე თქმით, საქმეზე მიმდინარე გამოძიება ხელისუფლებისგან მკაფიო განმარტებებს საჭიროებს.
ფაქტია, ჩვენ, უკიდურესად დაცული ტექნიკურად და პოლიტიკურად და ყველანაირად დაცული გაზსაცავის ტოლფასი უზრუნველყოფის ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილიდან გამოგვაგდეს და გახვრეტილ საბჭოთა მილს მიგვაბეს. აზერბაიჯანის გაზი როც იყოს, ჩვენ ვერ მივიღებთ ამ გაზსადენიდან და იძლებულები ვხდებით რუსეთიდან შემოვიტანოთ დამატებითი გაზი. სოკარი ყულევის პორტში რუსული ნავთობის მანიპულაციები ხდებოდა ამ მშენებარე ქარხანასთან ერთად. ასეთ სკანდალურ საკითხში უნდა თქვას მთავრობამ და სუსმა, აიღო თუ არა ღარიბაშვილის მთავრობამ ფული სოკარისგან, რადგან სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს უკვე მათ მიერ პასუხგასაცემია, ქრთამი იყო თუ პოლიტიკური გადაწყვეტლება, - ამბობს რომან გოცირიძე.
გაზის მიწოდების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფონზე გაკეთებულმა განსხვავებულმა კომენტარებმა დამატებითი კითხვები გააჩინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის განცხადებები ერთმანეთს არ დაემთხვა, რამაც თემა საჯარო განხილვის საგნად აქცია.
ოფიციალური განმარტებებით, საქართველო აზერბაიჯანიდან ბუნებრივ გაზს იღებს, მათ შორის ალტერნატიული ინფრასტრუქტურის გამოყენებითაც. პარალელურად ვრცელდება შეფასებები, რომ რეგიონული ენერგეტიკული ლოგისტიკის ცვლილებები დაკავშირებულია მაგისტრალური გაზსადენის გამტარუნარიანობისა და ტრანზიტის საკითხებთან.
ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა, დაკითხვის შემდეგ აღნიშნა, რომ კითხვები ევროკავშირთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ თემებს შეეხებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი განაცხადეს, რომ აღნიშნული ინტერპრეტაცია რეალობას არ შეესაბამება.