სოციალური დახმარების მიმღებთა შორის 8% არის შეძლებული - შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას - კობახიძე
პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ სოციალური დახმარების სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვასა და განახლებას საჭიროებს. "ოცნების" ლიდერის თქმით, კოვიდპანდემიის შემდეგ აღნიშნული მონაცემების სრულფასოვანი რევიზია არ განხორციელებულა, მაშინ როცა სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია.
"ქართული ოცნების" პრემიერის განცხადებით, პირველადი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა ნაწილს სიღარიბეზე უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, რის გამოც ბაზის გადახედვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება.
„სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო. კოვიდის დროს გაიზარდა, 2020 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე. რეალურად ბაზა არის გადასახედი, არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული.
ჩვენ, ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის მხოლოდ 8 პროცენტი არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული. არათუ, სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ამ 700-800 ათასიდან დაახლოებით 8% შეძლებულია. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც 2020 წლის შემდეგ არსებითად არ მომხდარა. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.