"პირველების" ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი მშობლების წინააღმდეგ ყველა საქმე შეწყდა

18.02.26 18:15
"პირველების" ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი მშობლების წინააღმდეგ ყველა საქმე შეწყდა

"პირველების" ინფორმაციით,  გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი მშობლების წინააღმდეგ ყველა საქმე შეწყდა. 

ფაქტი, ბიზნესმენის ადვოკატმა "პირველებს" დაუდასტურა. ლევან მახარაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 

ვადასტურებ, რომ გიორგი არის თავისუფალი, გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება და შესაბამისად ყველა მიმდინარე საქმეზე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო მშობლების წინააღმდეგ არსებულ საქმეზე შეწყვეტილია სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, ამ მომენტისთვის არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე გიორგი ბაჩიაშვილის, ასევე მისი ოჯახის მიმართ"- აცხადებს ლევან მახარაშვილი. 

"პირველების" ექსკლუზიური ინფორმაციით, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა.

არაერთმა პირმა "პირველებს" დაუდასტურა, რომ პატიმრობიდან ბაჩიაშვილი, დღეს, 18 თებერვალს, 17:00 საათზე გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, რომ  პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 29 სექტემბერს დაიწყო. მათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავებოდნენ. ეს მუხლი სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.